ირმა გრიგალაშვილი: სადაა ძლიერი ოჯახისა და ქვეყნის შენებაში თქვენი პატარა აგური? გვანახეთ დღეს მაინც!

“გავიცინეთ, გვეყო!
გულწრფელად ვამბობ, იდეალური შარჟი გამოვიდა ცხენების ჭენება, მჯიღის ცემა, გულის სიღრმის კუნჭულებიდან წამოსული შეძახილები… მინდორი, ხატები, კერპები…
გენიალური სატირაა ♥️
ახლა მთავარი!
ყველამ კარგად ვიცით, რატომ წესდება რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის, პიროვნების, ფაქტის ან ღირებულებისადმი მიძღვნილო დღეები!
გავიხსენოთ, პატივი მივაგოთ, თაობებს გადავცეთ, თუ საპრობლემოა რამე, ყოველმხრივ ვიმუშაოთ მის აღმოფხვრაზე…
ამ მხრივ მშვენიერი იდეაა ,,ოჯახის დღე” ♥️
ოჯახი რომ საყვარელი, ძვირფასი და წმინდაა ამას მტკიცება რად უნდა? ძნელად მოინახება ადამიანი, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებდეს.
ახლა უფრო მთავარი!
ჩვენს საზოგადოებას მართლაც აქვს ის პრობლემები, რომლებიც ოჯახის ერთიანობას, ძლიერებასა და განვითარებას ხელს უშლის… ოჯახი კი თავის მხრივ ქვეყნის საძირკველია!
მაინტერესებს, თუ კეთდება ამგვარ პრობლემებზე აქცენტი ამ დღეს? თუ ეწყობა კვირეულები, საგანმანათლებლო თუ ახვა ტიპის აქტივობები… პროექტები?
აი ჩამოგითვლით ოჯახის ცნებასთან მეტ-ნაკლებად დაკავშირებულ მტკივნეულ საკითხებს:
# ნაადრევი ან იძულებითი ქორწინება
# ქორწინებისადმი პრაგმატული ან დაუდევარი დამოკიდებულება
# ახალგაზრდა წყვილების ფინანსური მხარდაჭერა
# დეკრეტული შვებულების ღირსეული ანაზღაურება
# სექსუალური განათლების უქონლობა, ნაადრევი ორსულობა, სელექციური აბორტები
# ოჯახური ძალადობა
# გენდერული უთანასწორობა
ვინ მოსთვლის?
ჰო, კიდევ დავამატებ,
# ჰომოფობია (17 მაისი სწორედ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!)
– ვინ იცის, რამდენი ოჯახი გაუბედურებულა იმ მიზეზით, რომ საზოგადოებამ ვერ მიიღო მისგან განსხვავებული?
აი მიპასუხეთ ,,სიწმინდე-სისათუთეების” მცველებო, ჩამოთვლილთაგან რომელი საკითხის მოგვარებაში შეგაქვთ თქვენი წვლილი ?
სადაა ძლიერი ოჯახისა და ქვეყნის შენებაში თქვენი პატარა აგური?
გვანახეთ დღეს მაინც!
ლუარსაბი რომ მისტიროდა ცხენსა და თოფ-იარაღს ისე ხართ! ატრიბუტები გენატრებათ, აკი აქციეთ კიდეც ძალადობად და ტაკიმასხრობად ქართველური პატრიოტიზმი!
რას ემსახურება ბომონადქცეული ქრისტიანული სიმბოლოკის აქეთ-იქით ტარება?
გვითხარით დღეს მაინც!
მაგრამ ვერ გვეტყვით! დარწმუნებული ვარ ზემოჩამოთვლილზე არც გიფიქრიათ…
რადგან თქვენი დღევანდელი შუკა-შუკა წანწალის მოტივი სხვისი თავისუფალი ხმის დათრგუნვაა, უმცირესობაზე უპირატესობის ჩვენებაა (სხვა არაფერი!).
ეგ მიზერული უპირატესობა წარმავალია, რადგან
დრო იცვლება და მხოლოდ ის იცხოვრებს ღირსეულად, ვინც უპასუხებს მის მოთხოვნებს, დაეუფლება ,,დროთა შესაფერ საქმეს” ♥️
დღევანდელი ეპოქა კი დემოკრატიის, ტოლერანტობის, თანასწორობის ეპოქაა!
მხოლოდ მონა და თავის მტერი უნდა იყო, ამას ვერ იღებდე, ვერ ისიგრძეგანებდე.
თქვენ დრო წაგლეკავთ, ოჯახი კი თქვენ გარეშეც დარჩება მარადიულ ღირებულებად!” – წერს სოციალურ ქსელში ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ირმა გრიგალაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ