ინგა ჩახვაშვილი: სხვისი შვილი არ არსებობს, არც მკვდარი და არც ცოცხალი. გავუფრთხილდეთ შვილებს და ამ ბრძოლაში ბოლო რეჟიმის წინააღმდეგ დავუდგეთ გვერდით

“ძალიან ფაქიზ თემაზე მინდა დავწერო და ყველა სიტყვას დიდი სიფრთხილით შევარჩევ.
დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს, ვინც უყურებთ, როგორი მოწადინებით იცავენ წინა ხელისუფლების დროს დახოცილი ახალგაზრდების მშობლები ახლანდელ ხელისუფლებას, გაგჩენიათ ეს უხერხულობა, მოგდომებიათ, რაღაც უთხრათ ისე, შემოლაწუნებასავით გამოსაფხიზლებელი რომ იყოს, რადგან რეჟიმი, სისტემა ვისი “სახელობისაც” არ უნდა იყოს, ერთი და იმავე ხერხებით “კვებავს” საზოგადოებას.
ხელი აიწიეთ საკუთარ თავში და გამოტყდით, რამდენს გჯეროდათ ბუტა რობაქიძის კრიმინალობის, სანამ მაშინდელი, ნამდვილი “იმედის” ჟურნალისტური გამოძიება არ დაიდო. რამდენი უქნევდით თავს რეჟიმს, მოკლული სანდრო გირგვლიანის პათოლოგიური სიმთვრალის შედეგს, რამდენი იყავით დარწმუნებული, რომ ვაზაგაშვილი და მასთან ერთად ჩახოცილები “საქმეზე მიდიოდნენ” და პოლიციამ ხელი შეუშალა. რამდენი თქვენგანი მიუბრუნდა ზურგით დათუნა სალარიძის მამას და რამდენმა მოითხოვეთ დანაშაულის სამართლიანი გამოძიება?უფრო მარტივი იყო იმის თქმა, რომ ნაცია და თავში ქვა უხლია. რომელიმემ გაუწოდეთ დახმარების ხელი? რამდენმა ამოიღეთ ხმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის ჩაფარცხვაზე, არადა ისეთი ნათელი ბიჭი მოგვიკლეს, საქართველოს გაბრწყინების შანსი რომ იყო მისი დაბადება ჩვენს ქვეყანაში? თამერლანი? სახლში, საკუთარ საწოლში ჩაცხრილული შეყვარებულთან მოჭუკჭუკე ბიჭი? ბაშალეიშვილს ვერ ვივიწყებ, სისტემასთან შეჯახებულ, გამოსავლის ძიებაში დაბნეულ და ხაფანგში მომწყვდეულ გოგოს და მის თავისგასამხნევებელ ვიდეოს, პირობას რომ აძლევს საკუთარ თავს, მოვშორდები ამათ და ბედნიერად ვიცხოვრებო. ყველა მათგანის მკვლელობის შემდეგ რეჟიმი (გამეორება ცოდნის დედაა – ვისი სახელობისაც არ უნდა იყოს) პირველს, რასაც აკეთებდა, მათი სახელის, მათი საქციელის, მათი ოჯახის გაშავება იყო.
და ახლა, ეს გამოცდილება რომ გაქვთ რეჟიმისგან შვილებმოკლულ დედებს, როგორ შეგიძლიათ ახლანდელი რეჟიმი ამართლოთ და სხვისი მკვდარი მძინარე გეგონოთ? ხომ ზუსტად იცით რეჟიმის ხელწერა, ხომ საკუთარ თავზე გამოსცადეთ შეგინებული მკვდარი შვილი რა ჯოჯოხეთია, რა კოშმარია ცალკე, სიცოცხლის ნაწილის ფიზიკურად დაკარგვის პარალელურად?!
არ არის ეს კითხვები რიტორიკული, თუმცა არც ხმამაღლა პასუხს ვითხოვ.
საკუთარ გულში ჩაიხედეთ და როცა ჩვენი მშვიდობიანი მომიტინგე შვილების ლანძღვას და გაშავებას დაიწყებთ, საკუთარი ტრაგედია გაიხსენეთ. არ გამართლებთ ის, რომ ჩვენი შვილები ჯერ ცოცხლები არიან და შეგიძლიათ ათასი უბედურება დააბრალოთ. წლების მერე, როცა, ღვთის მადლით თქვენს შვილებს შეხვდებით (გულწრფელად მინდა ეს თქვენი აქაური ცხოვრებით დაიმსახუროთ), მათთვის თვალებში ჩახედვის არ უნდა შეგრცხვეთ.
ხოდა, კიდევ ერთი შვილმკვდარი დედაა (ყველას შვილს ერთხელ რომ ჩავწერე ჩემს მიცვალებულთა მოსახსენიებელში, დღემდე ასეა, მათი მშობლების ღირსეულად თუ უღირსად გაგრძელებული ცხოვრების გზის მიუხედავად), ნაცების წინააღმდეგ თავის დროზე მებრძოლი, ირაკლი ალასანიას მეხოტბე, მერე მამლის ყივილამდე სამგზის უარმყოფელი, ახლა რუსი ივანას ყველა შტერობის, მავნებლობის, სიშლეგის გამპრავებელი და თავისი ხბოს აღტაცებით მაცქერალი მრევლის დამბოლებელი. მართლა ზღაპარი ბიჭი დაკარგა, ვარსკვლავბიჭუნა, უასაკომ (სრულწლოვანებასაც ვერ მიაღწია), უცნობი ქალი გადაარჩინა და თავი გაწირა. ასეთ პატარა ასაკში მოასწრო ნახევარი ევროპის შემოვლა, სწავლა, განათლება, თავისუფლებით ტკბობა. ხოდა, ახლა ეს ქალი ისეთი გააფთრებით იცავს რუსულ მთავრობას, ისეთი მონდომებით უკრავს ტაშს ამათ დანაშაულებრივ ნაბიჯებს, ახალგაზრდების ძვლებში მტვრევას, მოწამვლად, დაჩეხვას, რომ გამკვირვებია.
სხვისი შვილი არ არსებობს, არც მკვდარი და არც ცოცხალი. გავუფრთხილდეთ შვილებს და ამ ბრძოლაში ბოლო რეჟიმის წინააღმდეგ დავუდგეთ გვერდით. საქართველო პირველ რიგში მათია! ერთხელ, სულ ერთხელ მოდით და ჩახედეთ სუფთა, კრიალა თვალებში, ჩაიხუტეთ მათი ანთებული გულები და საკუთარი თვალით ნახეთ, როგორი საამაყო გოგო-ბიჭები გვყავს, თქვენი შვილების ვერმოსწრებულ, შეუსრულებელ მისიასაც როგორ მსუბუქად ატარებენ, გამხდარი,მ აგრამ თავიანთი ძლიერი მხრებით”, – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა ჩახვაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ