თორნიკე ქარჩხაძე: არ ვაპირებ ვითანამშრომლო კონსერვატორიასთან, სანამ საქართველოში და კერძოდ კონსერვატორიაში არ დამთავრდება “ქოცების” დიქტატურა!

მუსიკოსი თორნიკე ქარჩხაძე წერს, რომ წყვეტს კონსერვატორიასთან თანამშრომლობას და გადადის გაფიცვის რეჟიმზე.
 „გამარჯობა, მე ვარ თორნიკე ქარჩხაძე თბილისი კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ამჟამად კალიფორნიის უნივერსიტეტის (University of California, San Diego) დოქტორობის კანდიდატი, მკვლევარი და ასისტენტ-მასწავლებელი. 2020 წლიდან ვარ მოწვეული მასწავლებელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ტექნოლოგიის დეპარტამენტში, სადაც მუსიკის პროგრამირებისა და კომპიუტერული მუსიკის საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებს ვასწავლი.
დღეს ქვეყანაში და კონსერვატორიაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, იძულებული ვარ შევწყვიტო სასწავლო პროცესი და გადავიდე გაფიცვის რეჟიმში. მე არ ვაპირებ ვითანამშრომლო კონსერვატორიასთან, სანამ საქართველოში და კერძოდ კონსერვატორიაში არ დამთავრდება “ქოცების” დიქტატურა! დიდი იმედი მაქვს სხვა პედაგოგები და სტუდენტებიც შემომიერთდებიან!
2020 წელს, როცა კონსერვატორიაში სწავლება დავიწყე, გულით მინდოდა ახლადფეხადგმული “მუსიკის ტექნოლოგიის” პროგრამისთვის ხელი შემეწყო, ჩემი ევროპასა და -ში მიღებული გამოცდილება ქართველი სტუდენტების გამეზიარებინა და მათთვის ინსპირაცია მიმეცა. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ნელ-ნელა პრო-ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო, კონსერვატორიაში “ქართულმა ოცნებამ” გადატრიალება მოაწყო და თავისი კონტროლირებადი კადრები დასვა (რის შედეგადაც სტუდენტებისა და მასწავლებლების ოპოზიციური ხმები ნელ-ნელა ჩაიხშო). ხშირად დავფიქრებულვარ, იყო თუ არა ამ ორგანიზაციაში ჩემი ადგილი. თუმცა, რაღაც მაჩერებდა და ეს რაღაც იყო სტუდენტები და სურვილი ჩემი ხმა სხვა პრო-ევროპულად განწყობილ ხმებთან ერთად გასმულიყო კონსერვატორიაში (და ამას ვაკეთებდით კიდეც მანიფესტებითა და სხვა საშუალებებით). დღეს ეს მოთმინების ფიალაც აივსო! ამაში წვლილი ქალბატონი მარინე ჭანიშვილის ამბავმაც შეიტანა. მე აღარ მინდა, რაიმე, თუნდაც მინიმალური, კავშირი მქონდეს ორგანიზაციასთან, რომლის ხელმძღვანელებიც თანამშრომლებს უყვირიან, ევროკავშირის დროშების ჩამოხსნით, პროტესტის ჩახშობით და “ქოცური” ანტი-ლიბერალური ნარატივის გავრცელებით არიან დაკავებულნი. ჩემთვის მიუღებელია და ღირსების შემლახველია რაიმე სახით, თუნდაც ირიბად, ვიყო ამ ადამიანებთან ასოცირებული!
სოლიდარობა ქალბატონ მარინეს და თავისუფლება კონსერვატორიას!“ – წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე – თუ ტრამპი შეძლებს ამოძირკვოს არაფორმალური გავლენები, ჩვენზე წნეხი იხსნება, თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ ტურბულენტობა გაგრძელდება