“ოპოზიციას, აღმოჩნდა, ჰგონია, რომ ამ ქვეყანაში ყველას აქვს ტელეფონი, თან სენსორით და + ინტერნეტით.
მასე ჰგონია ოცნების განათლების მინისტრსაც.
ერთი ეგ ასწავლის ჩინურს ონლაინ და მეორე ონლაინ არჩევნებისთვის ვართ მზად.
გადაძახებით სჯობს.
რომ ვამბობ ოპოზიცია რეგიონებში მხოლოდ თავის ბაბლს ხვდება და რეალური კარდაკარი არ ჩატარებულა წლებია-თქო, სწყინთ.
წარმოდგენა არ აქვთ, ხალხი როგორ ცხოვრობს, თუნდაც, აგერ, ცხვირწინ, დედაქალაქში.
დღეს, შვილს ვფიცავარ, მეტროში შემხვდა ახალგაზრდა ბიჭი, მორღვეული სანდლებით და დახეული წინდებით.
სამი დღის წინ, ახალგაზრდა გოგომ, წერეთლის ლიბრეში 2 ვაშლი და ერთი კონა მწვანილი უკან დააბრუნა, ფული არ ეყო. უფრო სწორად, ფული რომ არ ეყო, გარეთ გავარდა, გამყიდველმა მოხსნა პირი და დაიწყო, ზოგი რა უზრდელიაააა… და ჩემს წინ მდგომებმა თვალი გოგოს გააყოლეს და ის იყო უნდა ამეხსნა იქ ვინაა რეალურად უზრდელი რომ ის გოგო შემობრუნდა და მოლარეს ჰკითხა, თუ შეიძლებოდა, თუ ჰქონდა უფლება, ეს ვაშლი და მწვანილი თავად დაებრუნებია უკან, თაროზე და სხვას არ ეწვალა.
მოლარე არც გაწითლებულა, კიო.
დააბრუნა. ისე წელშიგამართულმა და ისეთი სახით დააბრუნა, ყველაზე მდიდარი ის ჩანდა იმ წამს იქ.
რომ გავიდა, ჩემმა რიგმაც მოაღწია და ვუთხარი მოლარეს, რის თქმაც მსურდა და ჩვენ აქ ხუთის საქმეს ვაკეთებთ და კაპიკებს გვიხდიანო.
ავუხსენი, რომ არ უნდა აკეთოს ხუთის საქმე, დამეთანხმა რომ უფროსი უბრალოდ ღორია, რომ მხოლოდ ის უნდა, თავად გამდიდრდეს და ხელფასიც არ უნდა რომ გადაიხადოს და რომ მგონია, გაიგო, მიხვდა და რომ დამეთანხმა, კი, ყველანი ერთ ქვაბში ვართ, რომ მასაც არ ჰყოფნის თანხა საკვებადაც, მოვბრუნდი და მომაძახა, აბა, აგერ, ისედაც ამხელა რიგია, მე რომ ავდგე და დავდო უკან დაბრუნებული პროდუქტი, სწრაფად რანაირად ვიმუშაო?
ანუ, ისევ იმ უფროსის გამდიდრებაზე, იმის მოგებაზე, სწრაფად გაყიდვაზე იფიქრა და არა თავის თავზე, ჩვენზე, იმ გოგოზე, 2 ვაშლისთვის რომ არ ეყო ფული.
ისევ იმ რეალობაზე დარჩა მისი გონება, რომ ხუთი ადამიანის საქმე უნდა აკეთოს ერთ უვარგის ხელფასად.
ის, რომ რაც არ ევალება არ უნდა გააკეთოს – მაინც ვერ გაითავისა, ისევე როგორც ის, რომ ამ ხელფასზე არ უნდა იმუშაოს, რომ უნდა მოითხოვოს, რომ ადამიანურ ცხოვრებას იმსახურებს.
და კი, მე მესმის ამ მოლარის, მას უკეთესი არ უნახავს, არ იცის, არც წარმოუდგენია, მას არ უნახავს მოგებული საქმეები ბიზნესის წინააღმდეგ, დაჯარიმებული ბიზნესი, კანონი არ უნახავს, ხელფასი, რომელიც ჭამის გარდა რამეზე კიდევ ეყოფა, არ უნახავს, არც ის ხელფასი უნახავს, კარგ, ჯანსაღ კვებაზე რომ ეყოს და მაინც უსმენს იმ სამედიცინო შოუებს, სადაც გვარიგებენ როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად სანამ მუშაობით დასიებულ ფეხებს ასვენებს და იწერს რვეულში, იმედით, რომ ოდესმე გამოადგება.
აი, ამ ხალხის ოპოზიციას ამდენი სიშტერისთვის რანაირად გცალიათ, ამდენი ბრიყვული, სხვადასხვა განცხადებებისთვის? ცალ-ცალკე ოფისებიდან სალაპარაკოდ სინდისი როგორ გყოფნით?
რანაირად არ გრცხვენიათ არაფრის მართლა რა!
ხალხი სადაა და აქაა, თქვენ სად ხარ, თქვენ ვისთან ხართ და რატომ არ იცნობთ თქვენი ხალხის პრობლემებს?” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.