თამო კეშელავა: მერაბს ვეუბნები ახლა და ყველა სპორტსმენთან იგივე სათქმელი მაქვს

“მერაბ დვალიშვილს უთქვამს, მე პოლიტიკაში არ ვერევი და ერთი რიგითი ქართველი ვარო.
ერთი რიგითი ქართველი არის გიორგი ახობაძე და ისეთი საამაყოა, რომ გავიცანით და ისეთი საწყენია, რომ ამ პირობებში,
შენ ბევრად მეტი შეგიძლია, ვიდრე ერთ რიგით ქართველს და არ აკეთებ, არ აკეთებ და ნურც გააფუჭებო, ეგ გითხრეს და გწყენია.
ხოდა, კლასიკურ პოლიტიკაში ნუ ჩაერევი, მერაბ, ან რა უნდა სპორტსმენს პოლიტიკაში.
კლასიკურ პოლიტიკას არც გთხოვთ.
დღეს არ გვაქვს ჩვენ ქვეყანაში კლასიკური პოლიტიკა, და იმ პოლიტიკაში, რაც გვაქვს, ყველა პატიოსანი ადამიანია ვალდებული ჩაერთოს, როგორც შეუძლია.
იმაში, რომ მტერს გვაბარებენ…
იმაში, რომ მეგობრებს გვაშორებენ და იზოლაციაში გვაქცევენ
იმაში, რომ ადამიანები გააღატაკეს და აშიმშილებენ.
იმაში, რომ ადამიანებს უსამართლოდ, უკანონოდ აჯარიმებენ,
იმაში, რომ ადამიანებს ქუჩებში, სახლებში ცემენ, აწამებენ, ამცირებენ.
იმაში, რომ ადამიანებს ემუქრებიან, აშინებენ, მათ შორის გაუპატიურებით.
იმაში, რომ ადამიანებს უკანონოდ ამწყვდევენ ციხეებში.
როგორ შეიძლება, მერაბ, ერთი რიგითი ქართველი იყო, თუ აი, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ამ “პოლიტიკაში” არ ხარ ჩართული?
შენ ხარ სახელმოხვეჭილი სპორტსმენი, ერთი რიგითი ქართველი არ ხარ შენ, იმიტომ რომ საქართველო, იმ ბრძენი კაცის არ იყოს, ხაჭაპური არაა, არც ქიშმიშიანი ნამცხვარია და დღეს დავამატებდი, რომ არც გულზე დახატული მიწაა საქართველო.
ჩვენ ვართ საქართველო, ის ახალგაზრდები არიან, ვინც ქუჩაში დგას მშვიდობიანად ამდენი დღეს და რომლებსაც დასდევენ მეტროებში და საქართველოს დროშას ართმევენ.
ჩვენ ვართ საქართველო და გითხრეს, რომ შენც უნდა იყო საქართველო და ეს თუ საწყენია და რა გითხრა, რითღა გაგახარო.
და საერთოდაც, ქვეყნის სიყვარულში შეჯიბრიც აღარაა ეს, მერან, დროშის დატატუებაშიც აღარაა საქმე – უკვე, ის, რაც ხდება, მორალზე, ადამიანობაზე გადის. როცა ადამიანებს შენს თვალწინ ამცირებენ, აწამებენ, უსამართლოდ ექცევიან, სადაც უნდა იყო, რომელ მიწაზეც, რომელი ერის შვილის წინაც, ყველა პატიოსანი ადამიანი ვალდებულია დაიცვას.
კარგი საქმის კეთება გინდა?
ამაზე კარგ საქმეს, რომ დღეს შენც იყო საქართველო, ამწამს ვერ გააკეთებ,
კორუფციონერს რომ უთანხმებ შენს პროექტს, ჯერ ერთი, არ იცი, რა მოუვა მის ხელში? და მეორე, განა, ამ ბავშვებისთვის არ გინდა ის პროექტი, რომელ ბავშვებსაც ახლა მომავალს ართმევს ის ხალხი, ვისაც ხვდები? რომელ ბავშვებსაც, თუ იმ ხალხმა გაიმარჯვა, ვისაც ხვდები, ამ ქვეყნის დატოვება მოუწევს?
და ვინ უნდა ავარჯიშო, მერაბ, დღეს თუ შენც არ იქნები საქართველო და დღეს და ახლა იმ პოლიტიკაში არ გინდა ჩარევა, რომელი პოლიტიკითაც ჩვენს გადატეხვას, ჩვენი შვილების გადათელვას ცდილობენ? ვოვა?
პ.ს. მერაბს ვეუბნები ახლა და ყველა სპორტსმენთან იგივე სათქმელი მაქვს,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.