ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური,  მედიაში გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება სოციალური მედიით გავრცელებულ ფოტოებზე აღბეჭდილი პიროვნების შესახებ, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია დათო გიორგაძე

ბოლო პერიოდში სოციალური მედიის მეშვეობით მომხმარებლები ავრცელებენ პიროვნების ფოტოებს, რომელიც მოქალაქეებს თავს აფხაზეთის სამხედრო კონფლიქტის მონაწილედ და მაიორად აცნობს, ატარებს სამხედრო ჩაცმულობას და ითხოვს მოწყალებას. ამასთან დაკავშირებით, უფლებამოსილნი ვართ განვაცხადოთ, რომ აღნიშნული პიროვნების ნამდვილი სახელი და გვარია დათო გიორგაძე. იგი სისტემატიურად ჩნდება თეატრებთან, კინოთეატრებთან, საკონცერტო დარბაზებთან, დედაქალაქის ხალხმრავალ ადგილებში, მუნიციპალურ ტრანსპორტში, ასევე საზოგადო მოღვაწეთა პანაშვიდებზე, გასვენებებში და ა.შ; დათო გიორგაძის მიერ მოქალაქეებისათვის მოთხრობილი ინფორმაცია მისი აფხაზეთის ომში მონაწილეობის შესახებ არის მტკნარი სიცრუე. იგი არასოდეს არ ყოფილა საომარ მოქმედებებში ჩართული, მას არ მიუღია არცერთი ჭრილობა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის წარმოებულ არცერთ ბრძოლაში. იგი არ ფიქსირდება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში და რაც მთავარია არ ფიქსირდება აღნიშნული კონფლიქტების მონაწილე დათო გიორგაძე მაიორის სამხედრო წოდებით.

დათო გიორგაძემ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იურიდიული და რეგიონული სამმართველოების წარმომადგენლებს უარი განუცხადა ვეტერანის სტატუსთან დაკავშირებული ეტაპების გავლაზე, რაც რეგულირდება შესაბამისი კანონით და მოითხოვს მტკიცებულებებს და მათთან საუბარში აღნიშნა, რომ მოწყალების თხოვნა მისი ცხოვრების და შემოსავლის მიღების წესია და საომარი კონფლიქტებში მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მისი მოგონილია.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის სხვადასხვა გზებით გავრცელებისაგან, რადგან დაუზუსტებელი ინფორმაციის ტირაჟირებით ილახება ჭეშმარიტ ვეტერანთა ღირსება და ინტერესები.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მოქმედებს კანონმდებლობის, კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში და ყოველთვის იქნება ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა ინტერესების სადარაჯოზე“,- წერია ოფიციალურ განცხადებაში.

 

">