“ვერ გადაიტანა… ნაცემი რომ არ იყოს, არ მოკვდებოდა ტყვიით… ვინ ესროლა, არ ვიცით” | გორში მოკლული ძაღლის პატრონი

“ვერ გადაიტანა… ნაცემი რომ არ იყოს, არ მოკვდებოდა ტყვიით… ვინ ესროლა, არ ვიცით”, – ამის შესახებ “მთავარ არხთან” გორში მოკლული ძაღლის პატრონი, ანჟელა მახარაძე საუბრობს. მისი თქმით, მას ჯერ სცემეს, შემდეგ კი ზურგში ტყვია ესროლეს.
“ერთი ღამე კი გაძლო. ცუდად იყო ძალიან რომ შევიყვანეთ და გადასხმებით ცოტა მოძლიერდა. დილით წყალიც დალია, კარგად იყო მეგონა, დიდი ალბათობით გადარჩებაო გვითხრეს, მაგრამ გუშინ საღამოს მაინც მოკვდა. ვერ გადაიტანა, ძალიან ბევრი ჩაქცევა ჰქონდა ეტყობა ფილტვში, რადგან ნაცემი იყო. ვინ ესროლა არ ვიცით, ახლა რომ ვიცოდე. არსად არ გადიოდა, ძალიან ჭკვიანი ძაღლი იყო, სახლში გვყავდა საერთოდ. ნაცემი რომ არ იყოს არ მოკვდებოდა ტყვიით. ნეკნებთან იყო ტყვია.” – ამბობს ანჟელა მახარაძე.
გორის პოლიცია ეძებს პირს, რომელმაც წმინდა წყლის დასახლებაში ძაღლი მოკლა – საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.