ვენეციის კომისიას დააწერინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია – „ქართული ოცნება“

საბოლოოდ ვენეციის კომისიას ისიც კი დააწერინეს, რომ ენჯეოებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია! ცხადია, ეს ყველაფერი ძირს უთხრის ამ ინსტიტუტის სანდოობას და იმ ღირებულებებს, რომლებსაც ის უნდა ემსახურებოდეს. ვენეციის კომისიის პარადოქსული პოზიცია, რომ NGO-ს ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის დაფარული უნდა იყოს, სამწუხარო და იმედგამაცრუებელია, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სალომე ქურასბედიანმა ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, „ვენეციის კომისიის აპელირება, თითქოს კანონი ხანმოკლე პერიოდში იქნა მიღებული, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან მის დამტკიცებას წინ უძღოდა მრავალსაათიანი საკომიტეტო და პლენარული სხდომები, რაშიც ჩართული იყო როგორც რადიკალური ოპოზიცია, ისე არასამთავრობო სექტორი“.
„სინამდვილეში, აღნიშნული დაზუსტებები კანონპროექტში შევიტანეთ მისი მეორე მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას, რაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვასიტყვით გაჟღერდა და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. შესაბამისად, ეს დაზუსტებები ჯერ კიდევ კანონის მიღებამდე საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დაუყოვნებლივ გასაჯაროვდა. ამასთანავე, ვენეციის კომისია აპელირებს, თითქოს კანონი ხანმოკლე პერიოდში იქნა მიღებული და თითქოს მის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებს არ ჰქონიათ. სინამდვილეში, შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის განხილვა სტანდარტული პროცედურით, ყოველგვარი დაჩქარების გარეშე, რამდენიმე კვირის განმავლობაში, მრავალსაათიან საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მიმდინარეობდა, სადაც რადიკალური ოპოზიცია სრულად იყო წარმოდგენილი. ყველას გვახსოვს, განხილვაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც აქტიურად მონაწილეობდნენ“, – განაცხადა ქურასბედიანმა.