ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში, აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას.
მინისტრის თქმით, აღნიშნული მთავრობის მიერ აღიარებულია ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საყურადღებო მიმართულებად.
როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამას ადასტურებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის 2021-2024 წლების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმებიც, რომელთა შემუშავებაც მოხდა უწყებათაშორის ფორმატში, არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით, არამედ სხვა უწყებების აქტიური ჩართულობით.
„აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშში დადებითად შეაფასა ხსენებული პოლიტიკის დოკუმენტის არსებობა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, უკვე დაიწყო განახლებული, 2025-2028 წლების სტრატეგიისა და მისგან გამომდინარე სამოქმედო გეგმის ერთობლივად შემუშავების პროცესიც, რომელშიც, ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის ზრდის პარალელურად, კიდევ უფრო მეტად გამახვილდება ყურადღება მისი პრევენციის კომპონენტზე.
„გაგრძელდება აქტიური მუშაობა სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა ამაღლდეს ახალგაზრდების ცნობიერება ნარკოტიკების მავნე შედეგებთან დაკავშირებით და მკვეთრად შემცირდეს მათი ნარკოტიკულ დანაშაულებში ჩაბმის ალბათობა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა