ევროსაბჭოს გენმდივანი ხელისუფლებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები რუსული კანონის უკან გაწვევასთან დაკავშირებით.
„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ევროპის საბჭო მზადაა დასახმარებლად,“ — წერს გენერალური მდივანი.
ვენეციის კომისიამ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავ რუსულ კანონზე რეკომენდაციები 21 მაისს გამოაქვეყნა და ხელისუფლებას მისი ამ ფორმით არმიღებისა და გაწვევისკენ მოუწოდა.
ვენეციის კომისიის დასკვნით, აღნიშნული კანონი მსგავსია რუსეთში, უნგრეთსა და ყირგიზეთში სხვადასხვა დროს მიღებული „უცხოეთის აგენტების“ კანონებისა. აგრეთვე, აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა“ და „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის“ მუხლებს, რაც გულისხმობს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას, პირადი ცხოვრების უფლებას და სხვა უფლებებს.