„დიდუბის ავტოსადგომი ყველა პირობას აკმაყოფილებს, სამაგიეროდ ვიმედოვნებთ, აიკრძალება ე.წ ხიშნიკები“ – ნესტორ მიქატაძე

1-ელი მარტიდან საქართველოს მასშტაბით მდებარე ავტოსადგურებსა და მგზავრთგადამყვან ოპერატორებს ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევთ. პარლამენტმა გასული წლის მიწურულს „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, რომლის შედეგად, ავტოსადგურებს სერტიფიცირება მოუწევთ, მგზავრების გადასაყვანად კი შესაბამისი ნებართვა გახდება საჭირო.
„დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძის თქმით, ის მიესალმება ავტოსადგურთა სერტიფიცირების საკითხს, საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანა კი უნდა ექვემდებარებოდეს სანებართვო საქმიანობას.
„ჩვენ მივესალმებით სერტიფიცირებას, მოსახვევებსა და კუთხეებში შემთხვევით გახსნილი ავტოსადგურები აღარ უნდა იყოს. ავტოსადგურების ფუნქციონირების შესახებ წესი არსებობს და მას განმარტავს ტექნიკური რეგლამენტი, მთავრობის მიერ დამტკიცებული ავტოსადგურების მოწყობის და ფუნქციონირების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს წესი აქამდეც მოქმედებაში იყო, არავინ არ იცავდა მას და ყველა კუთხიდან ახორციელებენ საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანას.
აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება ჩემთვის სრულიად მისასალმებელია. ამიერიდან, მარტივად რომ ვთქვათ, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის უფლება ექნებათ მხოლოდ ავტოსადგურებს.
დიდუბის ავტოსადგომი რეგლამენტით გათვალისწინებულ ყველა პირობას აკმაყოფილებს, სამაგიეროდ ვიმედოვნებთ, აიკრძალება ე.წ ხიშნიკები“, – განაცხადა ნესტორ მიქატაძემ.
ცნობისთვის, თბილისში დღეისათვის 24 ავტოსადგური ფუნქციონირებს.