დევიდ კამერონი – დიდი ბრიტანეთი ფოლკლენდის კუნძულების დაცვას გააგრძელებს

დიდი ბრიტანეთი ფოლკლენდის კუნძულების დაცვას გააგრძელებს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა ფოლკლენდის კუნძულებზე ვიზიტისას განაცხადა.
„სანამ ფოლკლენდის კუნძულების მოსახლეობას დიდი ბრიტანეთის ოჯახის ნაწილად დარჩენა სურს, მაშინ მათი სურვილი, რომ ამ ოჯახის ნაწილს წარმოადგენდნენ, აბსოლუტურად მისასალმებელია“, – განაცხადა დევიდ კამერონმა.
დევიდ კამერონმა პორტ სტენლიში ფოლკლენდის ომში დაღუპულთა მემორიალს მიაგო პატივი.
„ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ და დავიცავთ, იქამდე, სანამ მათ ამის სურვილი აქვთ. იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, შესაძლოა სამუდამოდაც კი“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, 1982 წელს ფოლკლენდის კუნძულების გამო, დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას შორის სამხედრო კონფლიქტი მოხდა, რომელიც ორ თვეს გაგრძელდა და დიდი ბრიტანეთის გამარჯვებით დასრულდა. 2013 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე ფოლკლენდის მაცხოვრებლებმა ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ დარჩენას დაუჭირეს მხარი.