დანიის დედოფალმა საახალწლო მიმართვაში გამოაცხადა, რომ გადადგომას აპირებს

დანიის დედოფალმა მარგრეტე II-მ საახალწლო მიმართვაში გამოაცხადა, რომ იანვრის შუაში გადადგება ტახტიდან. მის ადგილს დაიკავებს ტახტის მემკვიდრე პრინცი ფრედერიკი.
83 წლის მარგრეტე 1972 წელს ავიდა ტახტზე. ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ დანიის მონარქის მეფობა ყველაზე ხანგრძლივი იყო ევროპაში. „გადავწყვიტე, რომ ახლა ყველაზე შესაფერისი დროა. 2024 წლის 14 იანვარს, – 52 წლის შემდეგ მას მერე, რაც შევცვალე ჩემი საყვარელი მამა, – მე წავალ“, თქვა მან. დედოფალმა დანიელებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ასევე დაუჭერენ მხარს მის ვაჟს მეუღლითურთ.
დანიის მონარქს არა აქვს რეალური ძალაუფლება, მისგან მოელიან, რომ ის მონაწილეობას არ მიიღებს საშინაო პოლიტიკაში. პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავს მთავრობა, რომელსაც არჩეული პარლამენტი ნიშნავს. მოქმედი პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი მე-11 მთავრობის თავმჯდომარეა მარგრეტეს ტახტზე ასვლის შემდეგ.
მარგრეტეს 55 წლის მემკვიდრე ტახტზე ავა ფრედერიკ X-ის სახელით. ისევე, როგორც დედამისი, ის ტახტზე ფორმალურად წარმოადგენს გლიუკსბურგების გერმანულ დინასტიას, თუმცა მამის ხაზით ეკუთვნის ფრანგულ ლაბორდ დე მონპეზას გრაფთა შტოს.