დავით სიმონია: ლადო ჯახუა 22 წლის სტუდენტია მარტვილიდან. სწავლა უფულობის გამო შეჩერებული აქვს. 22 ოქტომბერს რუსთაველის ტროტუარიდან რომ გაიტაცეს, მეორე დღეს ახალ სამსახურს იწყებდა…

გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი დავით სიმონია:
ლადო ჯახუა 22 წლის სტუდენტია მარტვილიდან. სწავლა უფულობის გამო შეჩერებული აქვს. 22 ოქტომბერს რუსთაველის ტროტუარიდან რომ გაიტაცეს, მეორე დღეს ახალ სამსახურს იწყებდა. კახეთის გზატკეცილზე, შუშებიან შენობამდე სიმღერ-სიმღერით მივიდა. იქ საშიში ბოროტმოქმედივით ხელბორკილები დაადეს. ხერხემლის პრობლემა აქვს და ითხოვა, ოღონდ ზურგს უკან არაო. არ გაითვალისწინეს. 6 საათი ეგრე გაატარა. ალბათ სილაღის ჩაქრობას ცდილობდნენ.
ტროტუარზე დგომისთვის ორი დღით იზოლატორში გამოკეტეს. სასამართლოზე მამის წყლიანი თვალები რომ დაინახა, პირველად მაშინ შეკრთა. მამა სასამართლოში პირველად იყო. შეიძლება შვილის პროცესზე მეგობრების სიმრავლემ გაახარა. შეიძლება ინერვიულა. შეიძლება რამე სატირალს წააწყდა იმ შენობაში. პირველი პროცესი გადაუდეს. ხვალ მეორე აქვს ოთხის ნახევარზე.
ბიზნეს ადმინისტრირებაზე სწავლობდა ლადო. სამართლიანობის კრიზისმა სამართალზე გადასვლა მოანდომა. კულინარიის სწავლასაც აპირებს. რუსთაველზე ხშირად მინახავს. კარგადაც არ ვიცნობ, მაგრამ მეგრული თავაზიანობით და სიკოხტავით დამამახსოვრდა. მიყვებოდა, დევნილი აზა ჩილაჩავაა ჩემი შთაგონება და ძალააო. აზა თუ დევნილებისთვის ითხოვს ღირსეულ პირობებს, ლადოს მთავარი სათქმელია “ღირსეული პირობები სტუდენტებს”. ვნახოთ, რა განაჩენს გამოუტანს ტროტუარზე მშვიდობიანად მდგომ 22 წლის ბიჭს სასამართლო ამ სათქმელისთვის.