დავით ზურაბიშვილი: ყველამ იცის, რომ აქციების მონაწილეთა პატიმრობა არის ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის ბრძანება

პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი:
სადღაც ამოვიკითხე, ამ გალუსტაშვილების და მათი მსგავსი მოსამართლეების დასანქცირებას რა ასეთი მნიშნელობა აქვსო და ამის თაობაზე მსურს მოგახსენოთ ორიოდ სიტყვა.
სინდისის პატიმართა მოსამართლეებს თუ დავაკვირდებით, ყველა ახალგაზრდაა და სულ ახლახან გამწესებული მოსამართლედ. მათ ბიოგრაფიასაც თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ პრაქტიკულად ყველანი მოსამართლეობამდე სასამართლო აპარატის თანამშრომლები იყვნენ, მდივნები, კურიერები, თანაშემწეები და ა. შ. არცერთი პოლიტიკური საქმე არ აწერია გამოცდილ და სტაჟიან კადრს.
ეს არაა შემთხვევითი. ჯერ ერთი ამით ხელისუფლება თავს არიდებს არასასურველ პარალელს ნაცმოძრაობის მმართველობასთან, რადგან მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანში ვინც კი გამოცდილი მოსამართლეა, ყველა ადეიშვილის ეპოქაშია დანიშნული და დაწინაურებული.
გარდა ამისა (და ვფიქრობ მთავარი სწორედ ესაა), აქ მოქმედებს კრიმინალური ბანდის პრინციპი: გასვარე და იბატონე. კერძოდ, ყველამ იცის, რომ აქციების მონაწილეთა პატიმრობა არის ხელისუფლების და პირადად ს ბრძანება. შესაბამისად, იმის ილუზია არავის არა აქვს, რომ მოსამართლემ რეალურად უნდა გაარჩიოს საქმე, აწონ-დაწონოს მტკიცებულებები და ისე გამოიტანოს განაჩენი. ყველაფერი წინასწარაა ცნობილი და თუ რამე სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს სასამართლო დარბაზში კი არ მოხდება, არამედ ქართული ოცნების შტაბში ან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში.
ახალგაზრდა მოსამართლემ ცხადია ეს ყველაფერი იცის. ყოველი მათგანი შერჩეულია პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით, სელექცია აქ მკაცრია და ისეთ ახალგაზრდას, ვის ლოიალობაშიც არ არიან ბოლომდე დარწმუნებულები, პოლიტიკურ საქმეებთან ცხადია არავინ მიუშვებს. სამაგიეროდ თუ აქ თავს გამოიჩენს, სასამართლო კლანიც, პოლიტიკური ხელმძღვანელობაც და თვით ბატონი ბიძინაც კი დაუფასებენ სამსახურს. შესაბამისად ახალგაზრდა ქოცი, რომელიც აქამდე მხოლოდ საბუთები მიტან-მოტანით და რომელიმე კლანის ბოსისთვის ყავის მოდუღებით იყო დაკავებული, უცებ ხდება მთელი მმართველი ძალის განსახიერება, რაც მის თვითშეფასებას ამაღლებს და ენთუზიაზმს სძენს. და თუ მაინც გული ეთანაღრებასავით ვინმეს ნამეტნავად მყვირალა უსამართლობის გამო, მათ ეუბნებიან: თქვენ გააკეთეთ თქვენი საქმე და მერე ყაველაშვილი შეიწყალებს ვისაც საჭიროა, იმასო.
ასე მუშაობს ეს სისტემა. ამგვარი სელექციით მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი ფართოვდება და ძლიერდება, რამდენადაც ეს ახალგაზრდები პოლიტიკური პროცესების გაძღოლით და უსამართლო განაჩენებით უკან დასახევ გზას ფაქტობრივად იჭრიან და ავსებენ კლანის რიგებს. თუმცა, აქ არის ერთი უსიამოვნო მომენტი, კერძოდ სანქციები. ევროკავშირის და ამერიკის სანქციებისგან ახალგაზრდა მოსამართლეებს ვერც მურუსიძე დაიცავს, ვერც და ვერც ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ ამ მოსამართლეების დასანქცირებას. მათ უნდა იცოდნენ, რომ სინდისის ჩანაცვლებას ხელისუფლებისადმი ერთგულებით, თავისი ფასი აქვს მაშინაც კი, როცა ჯერ კიდევ ეს ხელისუფლებაა და რაც უფრო დიდი იქნება ეს ფასი, მით უკეთესი ზოგადად საქართველოს სასამართლო სისტემის მომავლისთვის.
P. S. სხვათა შორის პროკურორებშიც ზუსტად იგივე სურათია. ყველა ახალგაზრდაა.