დავითულიანი: შალუტაშვილმა სტუდენტებს შეჩერებული სტატუსი აღუდგინა

ქართული ოცნების კულტურის მინისტრის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა თქვა, რომ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა “სტუდენტებს შეჩერებული სტატუსი აღუდგინა” და “უკანასკნელი გაფრთხილება მისცა”.
ამასთან, დავითულიანი ირწმუნება, რომ “შალუტაშვილმა დახურა ყოველგვარი სატელევიზიო სივრცე პოლემიკისთვის”.
“უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება – აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს და მისცა უკანასკნელი გაფრთხილება, რითაც ამოწურა ეს საკითხი.
დახურა ყოველგვარი სატელევიზიო სივრცე პოლემიკისთვის და მისცა შესაძლებლობა თავის სტუდენტებს, ურთიერთობა რექტორსა და სტუდენტებს შორის დაუბრუნდეს აკადემიურ სივრცეს.
შესაბამისად, საკითხი ამოწურულია, სატელევიზიო დებატების სივრცე და ადგილი აღარ დარჩა, სტუდენტებს შეუძლიათ მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში, განაგრძონ სწავლა და ვისაც ამის სურვილი ჰქონდა რეალურად და ვისი მიზანიც ნამდვილად ეს იყო, განაგრძოს თავისი საქმის კეთება.
ნებისმიერ სტუდენტს, ისევე როგორც მოქალაქეს აქვს თავის აზრის და პროტესტის გამოხატვის უფლება, ამ უფლებაში არსებობს კანონით დადგენილი ჩარჩოები. სტუდენტთა ერთი ჯგუფის უფლებებმა არ უნდა შელახოს დანარჩენი სტუდენტების უფლებები და მთლიანად უნივერსიტეტის უფლებები.
აქედან გამომდინარე, ყველას თავის არჩევანი აქვს – ვისაც სწავლა უნდოდა მას რექტორის გადაწყვეტილებით, ამის შესაძლებლობა მიეცა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით რექტორს, ვისაც რაიმე სხვა ქვეზრახვები ჰქონდა გამოჩნდება. რექტორმა შანსი სტუდენტებს მისცა, რისთვისაც კულტურის სამინისტროს პოზიციაა, რომ ვუხდით მას მადლობას”, – თქვა დავითულიანმა.
***
გუშინ, 12 მარტს, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტმა, თემო ვაჭარაძემ თქვა, უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა დადო პირობა, რომ მასთან და კიდევ ერთ სტუდენტთან ერთად პარასკევს, 22:00 საათზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ერთობლივი ეთერი შედგება.
მან აღნიშნული განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გაავრცელა.
ასევე, თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა მიმდინარე პროტესტში მონაწილე სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისუაბრა და თქვა, რომ სტუდენტებს “უფლება აქვთ, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ”.