გურამ მაჭარაშვილი ბექა ლილუაშვილზე: რას არ მოესწრება ადამიანი, ყოფილი კოლეგისგან ისეთ რამეს რომ მოისმენ, რასაც ერთად ვებრძოდით …

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერობის კანდიდატი დეპუტატების კითხვებს პასუხობს, ოპოზიციონერ, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრ, ბექა ლილუაშვილს მიმართა.

გურამ მაჭარაშვილმა უმრავლესობის ყოფილ წევრ ლილუაშვილს რიტორიკა გაუკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის უკვე „ნაცმოძრაობის“ მსგავს ნარატივს ატარებს.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ჩვენი ყოფილი კოლეგის, ს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასწორ გამოსვლას, რომელმაც ირაკლი კობახიძეს, პრაქტიკულად, გავრილოვის დროს შექმნილი კრიზისი და, ამავდროულად, ე.წ. რუსული კანონის შემოტანა დააბრალა. მან ძალიან კარგად იცის, რომ ეს არ იყო არც რუსული კანონი და არც გავრილოვის ღამე იყო ირაკლი კობახიძის ბრალეულობა, არამედ ზუსტად მათი მოღალატე ლიდერის, კრიზისების შემქმნელი გახარიას მიზეზებით განვითარებული პროცესები ვიხილეთ მაშინ, როცა მან პოლიცია დააყენა იქ, სადაც არ უნდა დაეყენებინა. ზუსტად ირაკლი კობახიძე იყო, რომელიც გადაეფარა მაშინდელ მინისტრ გახარიას, რომელმაც, როგორც მერე აღმოჩნდა, განზრახ დაუშვა ის შეცდომები და არა – უნებლიედ. როცა კრიზისულ პერიოდში გადადგები პრემიერობიდან, იმიტომ, რომ არ დაიჭირონ, ეს ნიშნავს სწორედ იმას, რომ საქართველო არ გიყვარს და მოღალატეობრივი პოზიცია გაქვს.

არ მგონია, რომ გახარიას პარტიის რესურსი დღეს საერთოდ იზომებოდეს. მათი წევრი რომ წავიდა პარლამენტიდან, გორისა და კასპის მაჟორიტარი, რატომ არ დააყენეს სხვა კანდიდატი პარტიიდან? იმიტომ, რომ ამის რესურსი არ აქვთ. მათი პარტიის დასახელებაც არ იცის საზოგადოებამ. ყველა პარტიას რაღაც რეიტინგი, სახელი მაინც აქვს, ამათ – გახარიას პარტიას უწოდებენ. ეს არის ლიდერომანიის ფაქტი. რას არ მოესწრება ადამიანი, ყოფილი კოლეგისგან ისეთ რამეს რომ მოისმენ, რასაც ერთად ვებრძოდით – „ნაცმოძრაობის“ ნარატივს. საზოგადოება ამ ყველაფერს კარგად განსჯის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.