გომელაური: დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი

მაშინ, როდესაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა სრულიად მშვიდ ვითარებაში მონაწილეების გარკვეული ნაწილი გახდა აგრესიული სამართალდამცავების მიმართ. პოლიციელების მიმართულებით ისვრიდნენ საგნებს, მათ შორის, ქვებს, ბოთლებს, ასხამდნენ საღებავებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს – ეს ტელევიზიებშიც კარგად ჩანდა, პირდაპირ ეთერში.
ამ ძალადობრივი ქმედების შედეგად დაშავდა 5 პოლიციელი, აქედან 2 სამედიცინო დაწესებულებაში გადავიყვანეთ მძიმე დაზიანებით. ადმინისტრაციული წესით დავაკავეთ ჯამში 40 პირი.
პოლიციელები მუდმივად მოუწოდებდნენ აქციის ორგანიზატორებს სიმშვიდისკენ, თუმცა, გვესმის, რომ გარკვეული ძალების მიზანი ესკალაციის შექმნა იყო და ამისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებდნენ, მათ შორის, 16 აპრილს, გვიან ღამით, როცა უკვე მთავრდებოდა აქცია მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, აგინებდნენ, საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათ ოჯახის წევრებს, შვილებს. ამის შემდეგ მომხდარი დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი, დამერწმუნეთ. თუმცა, დანამდვილებით მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია სამართალდამცავების მიმართ გაჟღერებულმა გაუგონარმა შეურაცხყოფებმა. პოლიციელზე თავდასხმა, ხაზგასმით ვამბობ, არის დაუშვებელი.
თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე.
16 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას სცემეს ტაბულას, პუბლიკასა და აპრილის ჟურნალისტები.
სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მოქალაქეების დარბევა და დაკავება მოულოდნელად, დაახლოებით 00:30 საათისთვის დაიწყეს. აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ