“წაიკითხეთ, საინტერესო და რეალური ისტორიაა.
ვერტმფრენებთან და სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებით ერთი ამბავი გამახსენდა.
როდესაც პირადი არქივი ამოვატრიალე და ამ ამბის ამსახველი პატარა ვიდეოც აღმოვაჩინე, გადავწყვიტე ეს პოსტი დამეწერა.
2004 წელი.
მე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის რანგში პირველ ზამთარს ვხვდებოდი რეგიონში.
ძალიან დიდი თოვლი მოვიდა, თან ძალიან სწრაფად.
მაშინ სახელმწიფოს თითქმის არაფერი გააჩნდა, მსგავსი სიტუაციებისთვის.
არანაირი გეგმა და ძალიან ძველი, თითქმის უმაქნისი ტექნიკა.
კობი-გუდაურის მონაკვეთი და დარიალის ხეობა დაიკეტა.
დაახლოებით 200-მდე მგზავრი გზაზე დარჩა, საკმაოდ მძიმე პირობებში.
ყაზბეგის რაიონიდან ვახერხებდით და მგზავრებს საწვავით და საკვებით უკვე 2 დღის განმავლობაში ვამარაგებდით.
ისე მოხდა, რომ არც თუ შესაბამისად ჩაცმული (ქუდიც კი არ მეხურა), სასწრაფოდ წავედი მცხეთიდან გუდაურში, ადგილზე რომ მენახა გაწმენდითი სამუშაოები.
როდესაც გზის დაკეტილ მონაკვეთთან მივედი, იქ დამხვდა ერთი ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც ასეთი ამბავი მომიყვა:
მამაჩემი ინვალიდი კაცია, ორივე ფეხზე პროტეზი აქვს და თავისი „ვილისით” თვეში ერთხელ ვლადიკავკაზში გადადის, რომ სავაჭროდ საქონელი გადმოიტანოსო.
ახლაც წასული იყო.
დარიალის ხეობაში, გზაზე რომ გვირაბებია, მანდ მოუსწრო ზვავმა და მარტო აღმოჩნდა გვირაბში გამოკეტილიო.
გუშინ მქონდა ბოლო სატელეფონო კავშირი, ძალიან მძიმედ იყო, მანქანის სკამებს და საბურავებს წვავდა რომ არ გაყინულიყოო.
რომელ გვირაბშია ეგ მითხრა და მეტი ვეღარ ვუკავშირდები, ცოცხალია თუ მკვდარი ეგეც აღარ ვიცი, იქნებ რამით დამეხმაროთო.
პრემიერმინისტრს დავურეკე – ზურაბ ჟვანიას და მოვუყევი ეს ამბავი.
იქნებ რამენაირად მოახერხოთ და ვერტმფრენი გამომიგზავნოთ მეთქი – ვთხოვე.
(მაშინ მოქმედი ვერტმფრენი დიდი ფუფუნება იყო)
დაახლოებით 2 საათში, შინაგანი ჯარის მაშინდელი მეთაური, გენერალი გოგი თათუხაშვილი და მისი თანმხლები 2 სამხედრო პირი მოფრინდა გუდაურში ვერტმფრენით.
აგვიყვანეს მე, ყაზბეგის მაშინდელი გამგებელი გოგი ქირიკაშვილი, გვირაბში ჩარჩენილი კაცის შვილი და გავფრინდით დარიალის ხეობაში.
უკვე საღამოვდებოდა და დრო ცოტა გვქონდა.
ამასობაში, ყაზბეგიდან დარიალის ხეობისკენ ტრაქტორიც მიდიოდა და ჩვენი ინფორმაციით მალე მიაღწევდა ჩაკეტილ გვირაბს.
ხეობაში გზაც და გვირაბიც საკმაოდ მაღლაა.
ვერტმფრენი ხეობის ძირში, თერგის ნაპირთან დაეკიდა, დაჯდომა შეუძლებელი იყო. მაქსიმუმ ერთი საათი გვქონდა იმისთვის, რომ ყელამდე თოვლში დაახლოებით 500-600 მეტრიანი აღმართი აგვევლო გვირაბამდე და კაცი გადაგვერჩინა.
სხვა გზა უბრალოდ არ იყო…
გადახტა შვილი ვერტმფრენიდან მამის გადასარჩენად, მივყევი მე, მომყვა ყაზბეგის გამგებელი და ის ორი სამხედრო.
ვერტმფრენი გაფრინდა, რომ ერთ საათში დაბრუნებულიყო.
ბევრს არ გავაგრძელებ…
საშინელება გავიარეთ იმ აღმართზე…
მართლა ყელამდე თოვლში…
რამოდენიმეჯერ ისე გავიყინე და დავიღლე, რომ მეძინებოდა (როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს)
ავაღწიეთ გვირაბამდე…
ადამიანი უგონოდ დაგვხვდა, მაგრამ ცოცხალი…
მივხედეთ, გონებაზე მოვიყვანეთ.
ცოტა ხანში ყაზბეგიდან წამოსული ტრაქტორიც მოვიდა.
დიდი წვალებით ჩავსვით ტრაქტორში, გამგებელიც გავაყოლეთ საპატრონოდ და გავუშვით ყაზბეგში.
ჩვენ კი ისევ დავეშვით ხეობაში, თერგის ნაპირზე.
დათქმულ დროს ვერტმფრენმა მოგვაკითხა და წამოგვიყვანა.
ეს კადრები, ვერტმფრენში რომ დავბრუნდით მაშინაა გადაღებული.
შეიძლება ითქვას სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში.
პირადად ჩემს მდგომარეობას არაშესაბამისი ჩაცმულობა ამძიმებდა, მაგრამ მთავარია, რომ კონკრეტული ადამიანი გადავარჩინეთ.
შემდეგ სულ მირეკავდა ხოლმე იმ გადარჩენილი კაცის შვილი, მამასაც მალაპარაკებდა, ოჯახში მეპატიჟებოდა…
სამწუხაროდ, მეტჯერ მათი ნახვა ვეღარ მოვახერხე,” – წერს სოციალურ ქსელში გოგა ხაჩიძე.