გიორგი ჟამერაშვილი: მთავარია, წამითაც არ შევწყვიტოთ ბრძოლა. რადგან 53 პოლიტპატიმარი გვყავს, რომლებიც ჩვენს იმედად არიან

“დასაკარგი ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ ყველაზე მთავრის, სამშობლოს დაკარგვის დროს, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება.
მე ახალგაზრდობის წლები დავკარგე, მაგრამ ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობ იმიტომ, რომ ჩემთან ერთად აქციაზე დგანან ადამიანები, რომლებმაც მთელი ცხოვრება თავისუფლებისთვის ბრძოლაში გალიეს.
ამიტომ ვიბრძვი, მინდა ჩემი ცხოვრების წლების დაკარგვის ფასად ჩემს დას, ჩემს ბიძაშვილებს, დეიდაშვილებსა და მომავალში, შვილებს, აღარ ჰქონდეთ საფიქრალი, თუ რა არის თავისუფლებისთვის ბრძოლის გეგმა.
მე ერთი წელია სამსახურს ვერ ვიწყებ ჩემი აქტივობების გამო, ეს დაკარგული შესაძლებლობები არაა?
დიპლომი მაქვს, რომლის აღებაშიც ხუთი წელი დავკარგე და რაში ვიყენებ?! კითხვა რიტორიკულია, რადგან პასუხია – არაფერში.
დიპლომში გადაყრილი ფული მაქვს დასაკარგი, რაც რეალურად ჩემს თავში ჩადებული ინვესტიციაა.
და კიდევ, ბევრი სხვა რამ მაქვს დასაკარგი, მაგრამ არ მიყვარს წუწუნი და საჯაროდაც არ ვსაუბრობ.
მე ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას და ვიდგები რუსთაველზე იქამდე, სანამ ცოცხალი და თავისუფალი ვარ.
მე ვერ დავჯდები სახლში, ვერ მოგცემთ იქიდან მითითებებს და შემდეგ სხვისი ბრძოლით მოპოვებული თავისუფლებით ვერ ვიამაყებ.
ჩაინიშნება, ჩვენ გავიმარჯვებთ და ყველა ის მიზეზი რომელიც დასაკარგთა სიაში გვაქვს, მერე აღარც კი გვემახსოვრება.
ამისთვის კი, მთავარია, წამითაც არ შევწყვიტოთ ბრძოლა. რადგან 53 პოლიტპატიმარი გვყავს, რომლებიც ჩვენს იმედად არიან. ჯერ მარტო, ეს უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ სახლში არ ვჩერდებოდეთ და ყოველდღე ქუჩაში ამაყად, ხმამაღლა და შეუპოვრად ვიდგეთ,” – წერს სოციალურ ქსელში ფოტორეპორტიორი გიორგი ჟამერაშვილი.