ჩემი და ერთეული ადამიანების პატიმრობა არაფერია. მთელი საქართველო ჰყავს დაპატიმრებული „ქართულ ოცნებას“, საქართველოს განთავისუფლებისთვის ვიბრძვით,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რეჟიმის ხელშია დრო, ხოლო ოპოზიციის ხელშია ერთიანობა.
„ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, დროის საკითხია დღეს იქნება გადაწყვეტილება, ხვალ თუ ზეგ. რეჟიმის ხელშია ეს დრო, ჩვენს ხელშია ერთიანობა, ბრძოლა, წინააღმდეგობა, ურყეობა, რათა საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ. 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწევთ. მთავარია ერთიანები ვიყოთ, ჩემი და ერთეული ადამიანების პატიმრობა არაფერია. მთელი საქართველო ჰყავს დაპატიმრებული „ქართულ ოცნებას“, საქართველოს განთავისუფლებისთვის ვიბრძვით. ბოლომდე ვიბრძვით, ვნახოთ დღეს იქნება თუ არა გადაწყვეტილება“,- აღნიშნა ვაშაძემ.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, კონკრეტული ნაბიჯები იქნება პარტნიორების მხრიდანაც.
„თქვენ ნახავთ, რომ ძალიან კონკრეტული ნაბიჯები იქნება ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც, ბევრი რამე შეიცვლება. ყველასთან თხოვნა მაქვს – ერთიანობა. დანარჩენი დროის საკითხია ივანიშვილის და რეჟიმის მოშორება“,- აღნიშნა ვაშაძემ.
კითხვაზე, დააჩქარებს თუ არა ოპოზიციის წევრების პატიმრობაში ყოფნა მმართველი გუნდის მიმართ სანქციების დაწესებას, ვაშაძე აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროცესები სანქციების დაწესებას დააჩქარებს.
„სანქციები ერთ-ერთი მექანიზმია ჩვენი პარტნიორების ხელში და არა ერთადერთი. მთავარი რასაც ვაკეთებთ, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიიღოს ხალხმა, საქართველომ. კონკრეტულ პირებზე იყოს ინდივიდუალური ნაბიჯები. თუ მეკითხებით ეს დააჩქარებს თუ არა, კი, დააჩქარებს, მაგრამ ადგილზე ჩვენ ბრძოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“,-აღნიშნა ვაშაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტს ეხება.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც ბრალდებულმა საბოლოო სიტყვით უნდა ისარგებლოს, თუმცა, ის სხდომას არ ესწრება.
ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე სხდომის გადადება სთხოვა.
სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, გიორგი ვაშაძის განცხადება საჯაროდ გავრცელდა, რომლის მიხედვითაც სასამართლოში ის პრინციპულად არ მივიდოდა, შესაბამისად, მათ ეჭვი გამითქვეს, რამდენად საპატიო იყო მისი დღევანდელი გამოუცხადებლობა და დროის გაჭიანურებას ხომ არ ჰქონდა ადგილი.
