ორგანიზებული დანაშაულის გავლენა ხშირად სცდება ერთი ქვეყნის ფარგლებს, რთულია დანაშაულებრივ ჯაჭვში ჩართული ყველა რგოლის გამოვლენა, საჭიროებს ურთიერთთანამშრომლობისა და ოპერატიული შესაძლებლობების მაქსიმალურ კონსოლიდაციას. პრევენციული და შედეგიანი ბრძოლის უზრუნველსაყოფად ორგანიზებული დანაშაულის მიმართ სისხლის სამართლის მკაცრი პოლიტიკის გატარების მხარდამჭერი ვარ, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა განაცხადა, მსგავს დანაშაულებზე საპროცესო შეთანხმების გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებული თანამშრომლობის პირობების არსებობისას მიაჩნია მისაღებად, ისიც უპირატესად საპატიმრო სასჯელზე გარიგებით.
„მნიშვნელოვანია ქმედითად გამოვიყენოთ უწყებათაშორისი თანამშრომლობის მექანიზმებიც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებისა და პოზიტიური გამოცდილების გასაზიარებლად“, – აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.
