„უბრალოდ, მინდა, რომ დავჯდე… გთხოვთ არ ჩამეხუტოთ არავინ, მტკივა ყველაფერი…“ – მიმართავდა ის მეგობრებსა და მხარდამჭერებს, რომლებიც რუსთავში პენიტენციურ დაწესებულებასთან შეიკრიბნენ.
ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, რომელიც გამოიხატებოდა ვიზუალურადაც, ნინო დათაშვილმა ჟურნალისტებს სთხოვა, არ გადაეღოთ მისთვის ვიდეოკადრები.
ნინო დათაშვილს საპატიმროს დატოვების უფლება მას შემდეგ მისცეს, რაც პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ბრალდებულს 5000 ლარის გადახდა დააკისრა – მხარდამჭერებმა ნინო დათაშვილს ეს თანხა რამდენიმე წუთში შეუგროვეს.
ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს მანდატურებზე თავდასხმის ბრალდებით – თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარის გამო. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პატიმრობაში მყოფი ქალი მასწავლებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – PHR – ბოლო პერიოდში მუდმივად საუბრობდა.
„დაპატიმრებიდან დაახლოებით 2 თვეში ნინოს დაეწყო ხერხემლის და კიდურების ტკივილები, რის გამოც, 2025 წლის 8 და 17 სექტემბერს, ვეღარ შეძლო თავის სასამართლო პროცესებში მონაწილეობა. N5 პენიტენციური დაწესებულება ნინო დათაშვილს აწვდის სამედიცინო სერვისს, თუმცა, ციხის პირობებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ უმჯობესდება. პირიქით, ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა გახდა კრიტიკულად მძიმე, რაც იმის დასტურია, რომ გაწეული სამედიცინო დახმარება არ არის ეფექტური“, – ეწერა PHR-ის მიერ 28 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
· 25 აგვისტოს, კლინიკა „ვივამედში“ ჩატარებული კვლევის შემდეგ, ნინო დათაშვილს დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა და ფიზიოთერაპია. სამედიცინო დოკუმენტში მითითებული იყო ხერხემლის ოსტეოქონდროზი. ამავე სამედიცინო დოკუმენტის თანახმად, მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში, პაციენტი კლინიკაში ქირურგიული ოპერაციისთვის უნდა გადაეყვანათ;
· 24 ოქტომბერს, სამედიცინო შემოწმების მიზნით, დათაშვილი კვლავ გადაიყვანეს „ვივამედში“, სადაც ჩაუტარდა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. გაცემული სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით, დიაგნოზის საფუძველზე საჭიროა ქირურგიული ოპერაცია;
· PHR-ის თანახმად, ნინო დათაშვილს ესაჭიროება ორი ქირურგიული ოპერაცია. პირველ რიგში, – კისრის მალებზე.
გუშინ, 28 ოქტომბერს, ნინო დათაშვილის ქმარმა გოდერძი ფრუიძემ თქვა, რომ მისი ცოლის მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა.
„ნინო დღეს მოიყვანეს ეტლით, სადაც იჯდა გაცრეცილი, გაშეშებული კისრით. ოთახში, სადაც უნდა მენახა, ძლივს ავიყვანეთ (კიბის ერთ საფეხურზეა ფეხი ასაწევი). სკამზე დასმაც გაგვიჭირდა, რომ მისთვის ტკივილები კიდევ უფრო არ გაგვემძაფრებინა“.
ფორუმი




