გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, მისი ქვეყანა კვლავაც უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მოკავშირედ დარჩება. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ვადეფულმა უკრაინაში პირველი ვიზიტის დროს ტელეარხ ARD-ს განუცხადა.
„ასე გაგრძელდება და ჩვენ ამას უახლოეს დღეებში ნათლად ვაჩვენებთ“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
გამოცემის ცნობით, ვადეფული მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში, რომელიც დღეს ლვოვში გაიმართება.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელის განმარტებით, აპირებს, შეხვედრაზე გაარკვიოს, თუ რა სჭირდება ზუსტად უკრაინას.
„ჩვენ საჭირო მხარდაჭერას გაგიწევთ და ამას მანამ გავაკეთებთ, სანამ რუსეთი არ გააცნობიერებს, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს და რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მკაცრად უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა ვადეფულმა.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის საკითხზე.
„ეს ერთგვარი გაფრთხილებაა მომავლისთვის, რათა არავის მოუვიდეს თავში, რომ 21-ე საუკუნეში შესაძლებელია შუა საუკუნეებში დაბრუნება და ომების ხელახლა დაწყება და ამის გამო არაფერი იქნება“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, Deutsche Welle-მ მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეციალური ტრიბუნალის პროექტი მზადაა და პოლიტიკურ დამტკიცებას ელოდება. მას არაოფიციალურად „პუტინის ტრიბუნალს“ უწოდებენ.
