გარდაიცვალა ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე

გარდაიცვალა ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ყოფილი სახელმწიფო მინისტრი (ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში) ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გიორგი გამსახურდია ავრცელებს.
ავთანდილ ჯორბენაძე დაიბადა 1951 წელს ლანჩხუთში. 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1974-1975 წლებში იყო ქ. თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 1975-1976 წლებში — 29-ე პოლიკლინიკის ექიმი-თერაპევტი; 1976-1978 წლებში — სსრკ შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილის ექიმი; 1978-1982 წლებში თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს ექიმ-რენტგენოლოგი; 1982-1986 წლებში თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში; 1986-1991 წლებში თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ჯანმრთელობის დაცვის სამმართველოს უფროსის I მოადგილე; 1991-1992 წლებში თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ჯანმრთელობის დაცვის სამმართველოს უფროსი. 1992 წლის 8 იანვრიდან 1993 წლის 6 იანვრამდე საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე სამკურნალო დარგში. 1993 წლის 6 იანვრიდან 1993 წლის 26 მარტამდე საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე; 1993 წლის 26 მარტიდან 1993 წლის 19 ოქტომბრამდე სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე. 1993 წლის 19 ოქტომბრიდან 1999 წლის 10 დეკემბრამდე საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი; 1999 წლის 10 დეკემბრიდან 2001 წლის 22 დეკემბრამდე — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 2001 წლის 22 დეკემბრიდან 2003 წლის 27 ნოემბრამდე სახელმწიფო მინისტრი. 2011 წლიდან დღემდე იყო აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
არის გამოგონებისა და 6 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით (1994).

ასევე დაგაინტერესებთ