ბერლინი და ვაშინგტონი ამერიკული წარმოების Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ორი სისტემის კიევში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში ან კვირაში მიიღებენ, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ამერიკელ კოლეგასთან, პიტ ჰეგსეთთან ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანიამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინისთვის Patriot-ის კიდევ ორი სარაკეტო სისტემის გამოყოფა სთხოვა.
პისტორიუსის თქმით, ის და პიტ ჰეგსეთი შეთანხმდნენ, რომ ასეთ გარიგებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი „სწრაფად და წყნარად“ გადაწყდება. მისივე თქმით, გერმანია აშშ-სგან საშუალო რადიუსის სარაკეტო სისტემის, Typhon-ის შეძენასაც ცდილობს.
პისტორიუსი და ჰეგსეთი პენტაგონში მას შემდეგ შეხვდნენ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების პირობა დადო და განაცხადა, რომ თუ რუსეთთან 50 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მოსკოვს 100%-მდე ტარიფებს დაუწესებენ.
Bloomberg-ი წერს, რომ Patriot-ის თითოეული ბატარეის ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდი დოლარია, სისტემის რაკეტების ღირებულება კი, დაახლოებით, 4 მილიონი დოლარი.
