აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ენტონი ბლინკენის კომენტარს ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე ავრცელებს.
სახელმწიფო მდივანი გმობს ქართული ოცნების “სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, პროტესტის მონაწილეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ” და ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებაზე, მათ შორის დამატებითი სანქციების დაწესებაზე მიუთითებს.
“32 წელზე მეტია ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია. ჩვენი პარტნიორობა დაფუძნებულია ჩვენს საერთო სიყვარულზე თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ და სურვილზე, ვნახოთ საქართველო ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ მჭიდროდ ვიმუშავეთ თანმიმდევრულად საქართველოს მთავრობებთან და ქართველ ხალხთან ერთად, რათა განვითარებულიყო საქართველოს ეკონომიკა, გაუმჯობესებულიყო განათლების სისტემა, გაძლიერებულიყო თავდაცვის შესაძლებლობები და გაფართოებულიყო ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორები. აშშ მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი ერთგულება საქართველოს მამაცი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ ურყევია.
ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს პარტია ქართული ოცნების სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, პროტესტის მონაწილეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს ეს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება, კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობის მიზნით. ჩვენ განსაკუთრებით ვართ შეშფოთებულები სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანებისთვის მიყენებული სერიოზული დაზიანებების შესახებ ცნობებით. მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზაციისთვის დაპატიმრებული პირები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა კი სრულად უნდა აგონ პასუხი.
აშშ სოლიდარულია ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული მისწრაფების მიმართ. ისინი, ვინც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიულ პროცეს ან ინსტიტუტებს – მათ შორის, ვინც ახშობს საქართველოს მოქალაქეების უფლებას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე – პასუხისგებაში უნდა მიეცენ. გარდა იმისა, რომ გრძელდება ადრე გამოცხადებული ორმხრივი ურთიერთობის ყოვლისმომცველი გადახედვა, ამერიკის შეერთებული შტატები ახლა ემზადება გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები”, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.