„ბიზნესთან თანამშრომლობა მუდმივ რეჟიმში გვექნება“ – საკითხები, რომლის მოგვარებასაც სთხოვს ბიზნესი პრემიერს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას – „საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები“, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი და მთავრობის წევრები ესწრებიან.
კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებსა და ბიზნეს საზოგადოებას 2019-2023 წლების ინდექსის დინამიკას გააცნობს, რის საფუძველზეც შეფასდება ბიზნესის განწყობები და მოლოდინები.
„4 წელია ვაწარმოებთ ბიზნესის ინდექსს და კარგად ვხედავთ დინამიკას. თუ 3-4 წლის წინ პრობლემა იყო ლარის კურსი, პროდუქციის გაყიდვის ან მოთხოვნის საკითხი და ა.შ. დღეს სხვა ტიპის პრობლემებია, რომელიც 2 ჯგუფად არის დაყოფილი. ესენია, პირველი – სამუშაო ძალასთან დაკავშირებული პრობლემები, პროფესიულ კადრებზე ხელმისაწვდომობა, რომელიც ყველას აწუხებს დღეს ჩვენს ქვეყანაში; მეორე – ეს არის ადმინისტრაციული წნეხი, რომელიც რეგულაციებიდან მოდის. ბიზნესისთვის გასაგებია, რომ ეს არის ევროპული რეგულაციები და ამ კუთხით იქნება ჩვენი თხოვნა, რომ კერძო სექტორი იყოს ჩართული ამ პროცესში. ევროპული სტანდარტების ადაპტაციას სჭირდება შეგუება ბიზნესის მხრიდან, ეს კი მოითხოვს მეტ კომუნიკაციას მთავრობასა და ბიზნესს შორის,“ – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზაობა ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობაზე. მისივე თქმით, გამოწვევების დასაძლევად მუშაობა აქტიური იქნება.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც საუბარია იმაზე, როგორ უნდა ითანამშრომლონ ხელისუფლებამ და ბიზნესმა, როგორ უნდა განვითარდეს ბიზნესი, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბიზნესის ინტერესების დაცვა იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას. მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე დღეს ჩვენი ღიაობა, მზაობა იმასთან დაკავშირებით რომ გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ყველა საკითხზე. რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევები, წარმატებები, მაგრამ არის გამოწვევებიც. ყველაფერთან დაკავშირებით უნდა გვქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია“,- განაცხადა კობახიძემ.