ბევრი პროექტი შესაძლოა, გაჩერდეს – იურისტი

არის ორჭოფობა იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრი პროექტი შესაძლოა, გაჩერდეს, – ამის შესახებ GLCC Law Firm-ის პარტნიორმა, შალვა ცხაკაიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ინვესტორებისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და განჭვრეტადობა.

„ჩვენ ვმუშაობთ ძალიან ბევრ ორგანიზაციასთან, მათ შორის კერძო სექტორში, უცხოელ ინვესტორებთან. საერთოდ არ გვინდა გამოვიდეთ პოლიტიკურ საკითხებზე და განცხადებები ვაკეთოთ. არავის უხარია ეს აქ. ჩვენი პროფესიული პოზიცია გამომდინარეობს ჩვენი სამართლის ანალიზიდან. თუ საქართველოში 21 ყველაზე დიდ და ძლიერ კომპანიას დაეჯერება, ჩვენი დასკვნა უარყოფითია და ჩვენ ვთვლით, რომ ეს კანონპროექტი შეიცავს კონსტიტუციის დარღვევას, ადამიანის უფლებების ძირითად პრინციპებთან მოდის შეუსაბამობაში და შეიცავს ბევრ სხვა სამართლებრივ რისკს. გასაგებია, რომ მხარეების მხრიდან არის ინტერესები, მოუსმინონ ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანს, მოვისმინეთ ბევრი მსახიობის, სპორტსმენის პოზიცია… ჩვენი პოზიცია არის მკვეთრად უარყოფითი.

ინვესტორებისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, განჭვრეტადობა და ა.შ. დღევანდელი დაპირისპირების პირობებში, როცა 2 თვეა ხალხი ქუჩაშია, არის ორჭოფობა იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრი პროექტი შესაძლოა, გაჩერდეს. ძალიან ბევრი შეკითხვაა ჩვენთან“, – განაცხადა ცხაკაიამ.