ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებით, ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებს დაემუქრნენ და სასწავლებელში გამოცხადებისკენ მოუწოდეს.
აქციის მონაწილეების თქმით, სოლიდარობის მიზნით, ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობასთან აქცია-მსვლელობით მიემართებიან და აღნიშნულ ფაქტს გააპროტესტებენ.
“ბათუმის აკადემიის სტუდენტებს დაემუქრნენ, რომ ქულებს არ დაუწერენ თუ არ გამოცხადდებიან აუდიტორიებში, ასევე სტუდენტებს, რომლებსაც აქციაზე გამოსვლის სურვილი გაუჩნდათ, ადმინისტრაცია გარეთ არ უშვებს. ამიტომ მივემართებით ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობასთან”, – განაცხადეს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზღვაო აკადემიის სტუდენტები და ბსუ-ს სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ამ ფორმით სასწავლებლის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.
სტუდენტების თქმით, ე.წ. რუსული კანონის მიღებით ევროპაში საქართველო ვერ შევა.
