ბათუმში გიორგი გახარიას სცემეს

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას სცემეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე მონაწილეობდნენ. მთივლიშვილის თანახმად, მანამდე ისინი
„რუსული რეჟიმის პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები (დაზუსტებით — დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე) და სხვები (სავარაუდოდ ვარლამ ლიპარტელიანი) ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას — ყოფილ პრემიერს, მანამდე ჩვენს მეგობარს, რომელიც ამავე სასტუმროში იყო დაბინავებული. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი“, — წერს მთივლიშვილი სოციალურ ქსელში.
გელა მთივლიშვილის ცნობით, გახარიამდე იგივე პირები თავს დაესხნენ იმავე სასტუმროში მყოფ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, პოლიცია გამოძახებაზე დაგვიანებით მივიდა.

„ნეტგაზეთს“ თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გახარიას პარტიაში, თუმცა ამბობენ, რომ დეტალებს არკვევენ.
„ყველას მოგაკითხავთ, წარმოდგენა არ გაქვთ რამხელა შეცდომა დაუშვით. დანდობა არ იქნება, გპირდებით! 24 საათში არ იქნება ყველა თავდამსხმელი დაკავებული და თქვენც მოგაკითხავთ! ივანიშვილო, საბრალდებო სკამზე დაგსვამ პირადად! ერთი მტკიცებულება მაინც რომ დამხვდეს განადგურებული, ცუდად იქნება თქვენი საქმე. ვურეკავ აჭარის პროკურორს. არ მპასუხობს. შერატონის დაცვა უკვე გადამალეს. მტკიცებულებების განადგურება დაიწყეს“, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ წევრი და ყოფილი პროკურორი ნათია მეზვრიშვილი.