ბიზნესმენ რესან ქიქავას შეფასებით, ქვეყანაში “კარგი” საზოგადოება ხელისუფლებას ძალაუფლების მიტაცებაში ხელს უშლის. საზოგადოების ხელისუფლებაზე ზეგავლენის მნიშვნელობაზე ის Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
მისი შეფასებით, საქართველოში ძალაუფლება ერთ ვერტიკალშია მოქცეული და მდგომარეობის ცვლილებისთვის და “კარგი” საზოგადოების დაბადებისთვის დგას მოქალაქეების ნაწილი საპროტესტო აქციებზე.
“არ არსებობს “კარგი” ხელისუფლება.
მაგრამ არსებობს “ცუდი” და “კარგი” საზოგადოება.
პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგოთ, განვმარტავ რასაც ვგულისხმობ.
რაც არ უნდა “კარგი” იყოს რომელიმე ქვეყანაში, რომელიმე ხელისუფლება, ის ყოველთვის შეეცდება მიითვისოს რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება, ასეთია ადამიანის ბუნება და ძალაუფლების ხასიათი.
შესაბამისად, არ არსებობს თავისთავად “კარგი”, ან თუ გნებავთ, მუდმივად “კარგი” ხელისუფლება. “ცუდი” კი არის ის საზოგადოება, რომელიც ხელისუფლებას ძალაუფლების მიტაცებაში ხელს უწყობს – ხმამაღლა, მოქმედებით, დუმილით, ან უმოქმედობით. “კარგი” საზოგადოება, ხელისუფლებას ძალაუფლების მიტაცებაში ყოველთვის ხელს უშლის – ხმამაღლა და მოქმედებით.
მარტივი ფორმულაა:იქ სადაც “ცუდი” საზოგადოებებია, ძალაუფლება მოქცეულია ერთ ვერტიკალში – შესაბამისად, ქვეყანაც ჩამორჩენილი.
იქ სადაც “კარგი” საზოგადოებაა, ძალაუფლება გადანაწილებულია ინსტიტუტებზე – შესაბამისად ქვეყანაც განვითარებულია.
იდეალური არსად არაფერია, მაგრამ ყველაფერი შედარებითია და ასეა.
ჩვენი რეალობაა: საქართველოში ძალაუფლება მოქცეულია ერთ ვერტიკალში. ამაში საკამათო არაფერია. ფაქტია.
უკლებლივ ყველა (!) ვხედავთ უსამართლობას და ბევრ სხვა რამეს, რაც მიუღებელია ამ ქვეყანაში – არის რაღაცეები, რაც არავის მოგვწონს. ესეც ფაქტია.
ამ “ხელისუფლებას” ხმა არ (!) მისცა ამ ქვეყნის მოსახლეობის 70%-მა (თავისივე არჩევნების შედეგების მიხედვით). ანუ ქვეყნის შიგნით, ოცნების მხარდამჭერი, არის მხოლოდ ყოველი მესამე (!) ადამიანი (მივყვეთ აქაც ოცნებისვე ციფრებს). კიდევ ერთი ფაქტი.
აიღეთ ეს ციფრი, დაამატეთ ოცნების შეგნებული ამომრჩეველი, რომელსაც უარყოფითის დანახვის უნარი აქვს და ნახეთ რამდენი ადამიანი აპროტესტებს საჯაროდ იმას რაც ხდება. ცოტა. მოქმედებს – კიდევ უფრო მცირე ნაწილი. რა იქნება, რას ფიქრობო, როცა მეკითხებიან, აი ამას ვფიქრობ: როცა ბევრი გაიაზრებს ზემოთ მოყვანილ მოცემულობას, როცა “კარგი” საზოგადოება გავხდებით და გავბევრდებით, აღარ გვეყოლება ასეთი “ხელისუფლებებიც”.
და ეს მოხდება ძალიან მალე.
ამისთვის ვდგავარ რუსთაველზე. “კარგი” ქართული საზოგადოების დაბადებისთვის”, – წერს რესან ქიქავა.
