არსებობს გამოწვევა ერთნაირ სქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით და ჩვენ ეს კარი ამოვქოლეთ – მამუკა მდინარაძე

არსებობს გამოწვევა ერთნაირ სქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით და ჩვენ ეს კარი ამოვქოლეთ – ან ევროპა, ან ლგბტ პროპაგანდა, საკითხი ასე არ უნდა დადგეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ახლა კანონზე მსჯელობა იმის გამო დაიწყება, რომ თუ ცდუნება იქნება, ლგბტ პროპაგანდამ საქართველოში ფრთები გაშალოს, ეს კარიც ამოიქოლოს.
„თანამედროვე სამყაროში არსებობს გამოწვევა, როგორც 2017 წელს არსებობდა – ერთნაირ სქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამოვქოლეთ ეს კარი. ჩვენ მოვიჭერით გზა და იმ ხალხს მოვუჭერით გზა, რადგან თუ ვინმეს მოუნდება, რომ დაგვაძალოს ერთნაირ სქესიანთა ქორწინება, ვეტყვით, რომ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ეს არის აკრძალული. ახლა კანონზე ვიმსჯელებთ და ვიფიქრებთ იმიტომ, რომ თუკი როდისმე იქნება იმის ცდუნება, რომ ლგბტ პროპაგანდამ საქართველოში ფრთები გაშალოს ისე, როგორც სხვა ქვეყნებში, ეს კარიც ამოვქოლოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ღირსეულად, ორ ფეხზე მყარად დგომით უნდა შეძლოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა.
„ან ევროპა, ან ლგბტ პროპაგანდა – ასე არ უნდა დადგეს საკითხი. არც დგას, არც დავაყენოთ, არც ვიკადროთ! თუ ასე დადგება საკითხი, ეს არის დამაზიანებელი, დამანგრეველი. ამიტომ, იმედი მაქვს, ვერავინ გაგვიბედავს, რომ ამ ღირსეული მიდგომების გამო ასე დაგვიყენოს საკითხი. ჩვენ ღირსეულად, ორ ფეხზე მყარად დგომით, ღირსებით, ტრადიციების დაცვით, ეროვნული იდენტობით, ქრისტიანული ღირებულებებით შევძლოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა. ეს ერთად აღებული არ უნდა წარმოადგენდეს სირთულეს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.