ანტი-ინფლაციური პოლიტიკა კარგი მაგალითია, თუ როგორ კარგ შედეგს გვაძლევს კოორდინაცია ეკონომიკურ პოლიტიკაში – ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

პანელურ დისკუსიაზე – “საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა: მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები” სიტყვით გამოსვლისას, ნათია თურნავამ ქვეყნის ჯანსაღ მაკროეკონომიკურ გარემოზე და გაზრდილ ეკონომიკურ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად კი ინვესტიციები დაასახელა.

“ინფლაცია გასული წლის მარტის თვიდან მოყოლებული, მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში კი 1%-ზე დაბალ ნიშნულზე ფიქსირდება. ეს მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდა პროდუქტიულობის ზრდის ხარჯზე ხდება. აღსანიშნავია, რომ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი გაიზარდა, მოხდა პროდუქტიული დარგების უპირატესი განვითარება, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ინფლაციის ზრდის გამანეიტრალებელი ფაქტორია, ეს ნამდვილად კარგი განვითარებაა”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ეს გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების ტემპი ცოტა უფრო მეტად თამამი იყოს.

“ამასთანავე, მთავარ გამოწვევად რჩება, მონეტარული პოლიტიკის აუცილებელი მოქნილობა. ეროვნულმა ბანკმა თავის დროზე, სხვა ქვეყნებთან შედარებით, უფრო სწრაფად დაიწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და სწორედ ამიტომ ჩვენ სხვებთან შედარებით უფრო სწრაფად, თუმცა საკმაოდ ფრთხილი ნაბიჯებით ვახდენთ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას და საპროცენტო განაკვეთის შემცირებას. იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ მაღალი, ძირითადად პროდუქტიულობის ხარჯზე და ინფლაცია არის საკმაოდ დაბალი, ეს ფაქტორები გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების ტემპი იყოს ცოტა უფრო მეტად თამამი. რა თქმა უნდა საკმაოდ ფრთხილი, რადგან ჩვენ გვმართებს ვიყოთ კონსერვატიულები, გავითვალისწინოთ ყველა პოტენციური რისკი”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკის, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და შესაბამისი პროფილური სამინისტროების ერთობლივი ანტი-ინფლაციური პოლიტიკის და მათ მიერ გატარებული კოორდინირებული ღონისძიებების შედეგი სახეზეა.

“ინფლაციის შემცირება და ანტი-ინფლაციური პოლიტიკა, რომელიც იყო ნაწარმოები, კარგი მაგალითია თუ როგორ კარგ შედეგს გვაძლევს კოორდინაცია ეკონომიკურ პოლიტიკაში. მთავრობის მიერ გატარებულმა ანტი-ინფლაციურმა ზომებმა, მათ შორის კონკურენციის გაძლიერებამ სხვადასხვა სექტორში, ჩვენის მხრიდან კი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ ერთიანობაში ძალიან კარგი შედეგი მოგვცა”, – განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავამ ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციას, ფინანსურ სექტორს და კომერციულ ბანკებს ძალისხმევისა და თანამშრომლობისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ