ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ფლობს იმ ძალას, რომელსაც ხშირად მიაწერენ, და არ შეუძლია უკრაინასთან ომში გამარჯვება. ამის შესახებ მან ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
კუბილიუსმა ასევე ისაუბრა ევროპულ გეგმაზე იმ შემთხვევისთვის, თუ აშშ შეამცირებს უკრაინის მხარდაჭერას.
„დიახ, უკრაინას სჭირდება მხარდაჭერა. დიახ, ეს მხარდაჭერა შეიძლება მოდიოდეს ევროკავშირისგან, ამერიკასთან ერთად. ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ, როგორ გავაკეთებთ ამას ამერიკის გარეშე“, – აღნიშნა ევროკომისარმა.
კუბილიუსის თქმით, უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა ან რუსეთთან ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა კრემლის შემდგომ აგრესიას წაახალისებს.
„ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რა იქნება შემდეგ, მაგრამ მოდით, დავუსვათ კითხვა საკუთარ თავს, რა ალტერნატივები არსებობს? ომის დასრულება რუსეთისთვის დაკავებული ტერიტორიების გადაცემით, როგორც ზოგიერთი გვთავაზობს? მაშინ ჩვენ პუტინს აგრესიისკენ ვუბიძგებთ. უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა ვითომდა მშვიდობისთვის? ეს უკრაინის კაპიტულაციისკენ იძულების ტოლფასი იქნება“, – განაცხადა კუბილიუსმა
ევროკომისარი მიიჩნევს, რომ რჩება ერთადერთი გზა – რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება და უკრაინის მხარდაჭერის შენარჩუნება.
„რუსეთი არ არის ისე ძლიერი, როგორც ზოგჯერ ფიქრობენ, და მე ვერ ვხედავ რუსეთის დიდი ძალის მტკიცებულებას“, – თქვა კუბილიუსმა.
