ანა წითლიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, მათ შორის კრიმინალური წარსულის მქონე პირები ცდილობენ, პირადობის მოწმობები ჩამოართვან მოქალაქეებს, რომლებიც მხარს „ქართულ ოცნებას“ არ უჭერენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, მათ შორის კრიმინალური წარსულის მქონე პირები ცდილობენ, პირადობის მოწმობები ჩამოართვან მოქალაქეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“ არ უჭერენ.
წითლიძე ასახელებს იმ პირთა ვინაობას, რომლებიც მისივე თქმით, ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობებს ართმევენ და მიმართავს, რომ „რაც აქვთ წაღებული 19:00 საათამდე დააბრუნონ“.
„ზუსტად ორი დღე დარჩა გამარჯვებამდე და ზუსტად ორი დღე დარჩა „ქართული ოცნების“ დამარცხებამდე. დამარცხებას გრძნობს „ქართული ოცნება“ და გაშმაგებულად ცდილობს, რომ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განახორციელოს სპეცოპერაცია, რაც გულისხმობს პირადობის მოწმობების ჩამორთმევას ზუგდიდელებისთვის.
მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ზუგდიდელს, რომლებმაც მოგვაწოდეს ინფორმაცია პირადობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვის ორასზე მეტი პირადობა უკანონოდ ჰქონდა ჩამორთმეული, უკვე შევძელით და დავაბრუნებინეთ, მაგრამ როგორც ჩანს, მარცხისთვის განწირული „ქართული ოცნება“ მაინც აგრძელებს, საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა მიზეზით, ზოგს სოციალურის მოხსნით, ზოგს დამუქრებით, რომ სამსახურიდან გაუშვებენ, ზოგს კიდევ ფულის შეთავაზებით, პირადობის მოწმობები ჩამოართვას. მე დღეს ვისაუბრებ კიდევ რამდენიმე შემთხვევაზე, რომელიც მოხდა წალენჯიხაში, ჯვარში და რომელიც ხდება ზუგდიდში და მარტვილში. ეს არის ადამიანების ფოტოები – ავთანდილ ღურწკაია, რომელიც არის კრიმინალური დაჯგუფების წევრი, წალენჯიხაში და ჯვარში ატერორებს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს და ცდილობს მათ წაართვას პირადობის მოწმობები. მეორე არის კახა ფიფია, რომელიც არის ასევე კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი, ამ შემთხვევაში, ხელისუფლების აგენტი, რომელიც წალენჯიხაში და ჯვარში პირადობის მოწმობებს ძალის გამოყენებით ართმევს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს. ასევე მარტვილის ერთ-ერთ სოფელში ზურაბ ჯიჯელავა, პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ატერორებს ადგილობრივებს და ცდილობს მათგან პირადობის მოწმობების წართმევას. ასევე ზუგდიდში გიზო ჭეჟია და ბორის კილასონია, ე.წ. „კაი ბიჭები“, რეალურად კი ხელისუფლების აგენტები. მე ახლა მინდა მივმართო, გაძლევთ დროს, რომ ამ საღამოს 19:00 საათამდე, რაც გაქვთ წაღებული თქვენ იცით და დააბრუნეთ, რადგან ჩვენ გვაქვს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, როგორ ახდენთ საქართველოს მოქალაქეების ტერორს. სხვა შემთხვევაში იცოდეთ, რომ აუცილებლად მოგიწევთ პასუხისგება, ამიტომ როგორც აიღეთ ის პირადობები, ისე დააბრუნეთ უკან საქართველოს მოქალაქეებთან. ვიმეორებ, გვაქვს აუდიო ჩანაწერები, მათ შორის ავთანდილ ღურწკაია, ე.წ. „ლისი“, რომელიც არის დათო შენგელიას კრიმინალური დაჯგუფების წევრი, ფიზიკურად უსწორდება ადამიანებს და ოპოზიციის ამომრჩეველს. ჩვენ ეს მტკიცებულებები გადავეცით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ექნება ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას. ეს ადამიანები კონფიდენციალურობის დაცვით ისაუბრებენ, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, თქვენ ვერ შეძლებთ, რომ სამეგრელოში ტერორით წაართვათ ადგილობრივებს პირადობები, რადგან მეგრელებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ თქვენ დასრულდებით 26 ოქტომბერს“, – განაცხადა ანა წითლიძემ, რომლის კომენტარს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.