ანანო მირიანაშვილი: გიორგი გეგეჭკორისა და ნათელა ურუშაძის დღიურები, 1967 წელი, რუსთაველის თეატრის პირველი გასტროლები რუმინეთში

დღისით ჩავფრინდით მოსკოვში და 9-ში ღამის 9 საათზე შევუდექით მზადებას გასამგზავრებლად რუმინეთისკენ. სასტუმრო „დან“ გავემგზავრეთ შერემეტიევოს საერთაშორისო აეროდრომზე.
ორსაათიანი ცერემონიალის შემდეგ, დილის 8.30-ზე ავფრინდით და 3 საათიანი მგზავრობის შემდეგ (ИЛ-18, რომელიც საშინლად ხმაურობდა) ჩავფრინდით ბუქარესტში მშვიდობიანად და კარგად.

ჯერჯერობით ერთი გროში არ გვაბადია, ალბათ მერე მივიღებთ რამეს. ბუქარესტი ძალიან ლამაზი ქალაქია, სულ მწვანეშია. მაღალი სახლები ნაკლებად არის, საშუალო და პატარა სახლები, ერთობ ლამაზი, ზოგან თავისი ეზოებით. თეატრი ძველებურია. ძალზე პატარა სცენით და პარტერით, მაგრამ ლამაზი და თავისებური. ეს არის ნაციონალური თეატრის შენობა.

რეპეტიციის შემდეგ სახლში დაგვპატიჟა ფანი ჯინჯიხიშვილმა, სადაც გავიცანით პროფესორი ნანუ (არქიტექტურის და ხელოვნებათმცოდნეობის პროფესორი) დიდი მეგობარი ვახტანგ ბერიძის.

ნ.ურუშაძე

  1. 10. 67

ბუქარესტი

მოსკოვიდან 9.40-ზე გამოვფრინდით. გამოგვისტუმრეს დიდი ნდობით – არავითარი შემოწმება, არც ფულის გადახურდავება – ყველას შეგვეძლო წაგვეღო, რაც გვინდოდა და გვქონდა. ვიფრინეთ შესანიშნავად, მე პირადად ყოველგვარი მარცხის გარეშე. ვისაუზმე კიდევაც.

  1. 40 – ზუსტად ბუქარესტის მიწაზე ვიყავით. როგორც კი ზემოდან რამის დანახვა იყო შესაძლებელი, თვითმფრინავის მრგვალი
    სარკმლიდან დავით კაკაბაძისეული კვადრატების სახით დავინახე რუმინეთი – ჰგავს საქართველოს, მაგრამ უფრო ნაკლებადაა ლამაზი. კვადრატები შესამჩნევად სწორხაზობრივია, თითქოს საგანგებოდ, საგულდაგულოდ მოხატული.

    აეროსადგურზე დაგვხვდა რამდენიმე კაცი ყვავილებით და ღიმილით. მოგვათავსეს სასტუმრო „ამბასადორში“, რომელიც აეროდრომიდან 40 წუთის სავალია მანქანით. სრული შთაბეჭდილებაა ზღვისპირა ქალაქის – სისუფთავე, ყვავილები და გამჭვირვალე ჰაერი. მთელი გზა ქუჩებში სულ ყვავილები და მწვანეა. არქიტექტურა თითქმის სულ ძველი და ეროვნული – ძალიან ლამაზი ქვის სახლები, კრამიტით გადახურული და მწვანით შემოსილი კედლები, წინ ბაღები, ღობეც მწვანით შემოსილი. ქუჩები ლამაზი, არ უყვართ მკვეთრი ხაზი და კუთხეები – ქუჩა მუდამ რბილად უხვევს რბილ, თბილ ხაზად იშლება. შენობებზე უყვართ წინ წამოწეული ნაწილები, რომლებსაც ცალკე პატარა კრამიტით დახურული სახურავები აქვთ. ამის გამო შუა კედელზეც არის დროისგან ძალიან ლამაზი ფერის კრამიტის ლაქები. ახალი სახლები ცოტაა, თუ არის, ყველა სხვადასხვანაირი და არ გეჩოთირება ძველის გვერდით.

    საღამოს თეატრში მივედით – კარაჯალეს[1] სახელობის ეროვნული თეატრი ძალიან პატარაა – პარტერი სულ 15 რიგი, სიგანითაც ვიწრო, გვერდით გასასვლელები არა აქვს. პარტერის გასწვრივ უწყვეტ რკალად ლოჟებია, პატარა, ძალიან ლამაზი წვრილი თეთრი სვეტებით. შიგ საკიდებია, როგორც ჩანს, მოსასხამებისთვის. იარუსის ორი აივანია, პირველი შესამჩნევად ღრმა ამფითეატრით – ჰგავს მცირე თეატრს – თეთრი მოჩუქურთმებული კიდეები და ჭერი (რომელიც ზაფხულობით იხდება მთლიანად), მუქი წითელი (ოდნავ დაკრავს შინდისფერი) ფარდა და სავარძლები, ლოჟის მოაჯირი. სცენა შედარებით ასე მცირე დარბაზთან დიდია, ღრმა, მოზრდილი კიბეებით. [2]

რეპეტიციის შემდეგ ფანიმ თავის მამის ოჯახში წაგვიყვანა. გარდა მამისა, (აქაური გამოჩენილი მეღვინე, რომელიც ყოფილა საქართველოში, იცნობდა გოგლა ლეონიძეს, გვიამბო მისი მასპინძლობის შესახებ), იქ იყო დედინაცვალი, დეიდა და ერთი მეგობარი ქალი, აგრეთვე საგანგებოდ იყო მოწვეული პროფესორი ნანუ, რომელიც ქართულ-რუმინული ხელოვნების ურთიერთკავშირის საკითხებზე მუშაობს, იცნობს ვახტანგ ბერიძეს, დიდი პატივისმცემელია მისი. მისი მეუღლე ედიტ, მგონი, ფრანგია, და კიდევ ერთი პროფესორი. ძალიან სიმპათიური. ჩვენ ვიყავით: თამარ
თარხნიშვილი, გიორგი საღარაძე, გურამ საღარაძე, დორიან კიტია, ბადრი , მე და გოგი.

ძალიან დიდი სიხარულით გვიმასპინძლეს, სულ სიმღერებს გვთხოვდნენ. ჩვენებიც შესანიშნავად მღეროდნენ, მეოთხე საათი იყო, რომ წამოვედით, ისიც ძლივს.

ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა აქაურებთან. ვნახოთ, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე.

დამავიწყდა აღმენიშნა, რომ ჩამოვედით თუ არა, პრესკონფერენციაზე ვიყავით წასასვლელი. მე ძალიან დაღლილი ვიყავი, წავიდნენ და დორიან კიტია. იქ სხვებიც იყვნენ სსრკ-დან – ა.ვერტინსკაია, ბასკაკოვი… სიტყვით გამოვიდა დორიანი.

 გ.გეგეჭკორი

10.10.67

დღეს პირველად ჩვენი თეატრის ისტორიაში პრემიერა – „ჩვენ, მისი უდიდებულესობა“ – ვითამაშეთ უცხოეთში (რუმინეთი, ბუქარესტი) ნაციონალური თეატრის სცენაზე. პირველი გასტროლები უცხოეთში, ევროპაში და პირველივე პრემიერა.

წარმოდგენას დიდძალი ხალხი დაესწრო – სულ რჩეული ინტელიგენცია, თეატრალური მუშაკები, მწერლები, პროფესორები და ასევე მთავრობის წარმომადგენლები: რუმინეთის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილე, ცეკას მესამე მდივანი კულტურის დარგში, კულტურის მეორე მინისტრი და საბჭოთა ელჩი, საელჩოს წარმომადგენლები.

წარმოდგენა დიდი წარმატებით ჩატარდა. პირველი და მესამე მოქმედებების ბოლოს ხანგრძლივი აპლოდისმენტები იყო, მაყურებელი არ მიდიოდა და ტაშისცემით აჯილდოებდა მსახიობებსა და რეჟისორს – გოგი ქავთარაძეს, რომლის სადიპლომო სპექტაკლიც იყო დღევანდელი პრემიერა. პირველი ნაბიჯი გადადგმულია. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.

ნ.ურუშაძე

  1. 10. 67

დილის რეპეტიციის შემდეგ ქალაქში ვისეირნეთ. ძალიან ლამაზი ქალაქია, მშვიდი, არავითარი მყვირალა რეკლამები ან ვიტრინები, არავითარი მკვეთრი ფერები სამოსელში ან ხმამაღალი ლაპარაკი, არც ზედმეტი კოსმეტიკა.

აქ შესვენება 2-5 მდეა, სამაგიეროდ, საღამოს მუშაობენ გვიანობამდე.

საღამოს პირველი წარმოდგენა. ყველა ღელავს და ცდილობს, არ შეიმჩნიოს ერთმანეთის დასამშვიდებლად. დარბაზი გადაჭედილია შესანიშნავი მაყურებლით, ძირითადად ხანშიშესული ინტელიგენციით. ცნობილ პიროვნებათა შორის დღეს არიან: ილიე ვერდეც – რუმინეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მიხაი დალია – ცკ მდივანი, ალექსანდრე ბალაჩ – კულტურის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს მოადგილე, ვირჯილ ბრედეციანუ – აგრეთვე, ვარილი გლიგა – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვასილი შანდრუ – აგრეთვე, ა. ვ. ბასოვი – სსრკ სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში, ი.ტომშინი – სსრკ ელჩის მრჩეველი კულტურის დარგში, ვ. ა. დემენჩუკი – საელჩოს კულტურის განყოფილების თანამშრომელი, თეატრმცოდნეები მარგარიტა ბარბცა და ვალენტინ სილვესტროუ; კარაჯალეს სახელობის, რუმინეთის ეროვნული თეატრის დირექტორი, აკადემიკოსი, ზახარია სტანკუ – მწერალთა კავშირის თავმჯდომარე; პროფესორი – დოქტორი ნანუ.

წარმოდგენა „ჩვენ, მისი უდიდებულესობა“ წავიდა გაცილებით უკეთ, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა. უსმენდნენ შესანიშნავად. რეაქცია, რა თქმა უნდა, ოდნავი ჩამორჩენით იყო. პირველი მოქმედება – რეაქციათა (აშკარად გამოვლენილი) რიცხვი 12 იყო, მეორეში – 8. უმრავლესობა – მოქმედებაზე, რასაც ხედავდნენ.

ბოლოს ხანგრძლივი ტაში, ფარდა 6-ჯერ გახსნეს, ხალხი არ დგებოდა, არ მიდიოდა, მერე ტაში დაუკრეს მსახიობებმაც, გამოიტანეს ორი უზარმაზარი და ულამაზესი თაიგული, უფრო სწორედ – თითქმის ბუჩქი თეთრი და წითელი ყვავილების. ტაში ისევ გრძელდებოდა, გადავიდა დემოკრატიულში.

წარმოდგენის დამთავრების შემდეგ კულისებში შემოვიდა ელჩი ამალით, მოგვილოცა და მადლობა გადაუხადა თეატრს, პროფესორი ნანუ, ბასკაკოვი, კულტურის კომიტეტი და სხვანი. ფანი, რომელიც დღეს ძალიან კარგად თარგმნიდა, გვარწმუნებს, რომ აქაური თავშეკავებული ხალხისთვის ასეთი გამოხმაურება დიდ წარმატებას ნიშნავს.

დაღლილები და გახარებულები წამოვედით შინ. ხვალ 12.30-ზე პრესკონფერენციაზე მივდივართ. საღამოს „სიბრძნეა“ (“სიბრძნე სიცრუისა“, რეჟისორი ნანა ხატისკაცი).

დამავიწყდა ჩამეწერა, რომ „მის უდიდებულესობაში“ ქარხნის სცენებში, სადაც მასობრივი სცენაა, იქ ჩვენს მსახიობებთან ერთად, გავლა ჰქონდათ აქაური თეატრის სცენის მუშებსაც. მერე ამბობდნენ, საშინელ მღელვარებას განვიცდიდითო – მთელი სიცოცხლე სცენაზე არიან წლების განმავლობაში, მაგრამ არ გამოდიან, ერთი გავლა კი თურმე რამდენ ღელვას იწვევს!

 გ.გეგეჭკორი

11.10.67 / მეორე დღე

„სიბრძნე სიცრუისა“ – სამწუხაროდ, იმდენი ხალხი არ იყო, მაგრამ წარმოდგენა კარგად მიიღეს. როგორც პირველ დღეს, ასევე დღესაც დიდი თაიგული მოართვეს მონაწილეებს, წითელი მიხაკებისა. წინა დღეს თეთრი მიხაკების იყო.

დღისით ვიყავით შეხვედრაზე რუმინეთის თეატრალურ-მუსიკალურ საზოგადოებასთან. გულთბილი შეხვედრა იყო. ოთარ ლითანიშვილმა კარიკატურა დახატა. სიტყვით მოგვესალმა ბატონი პირველი მდივანი ასოციაციისა. მერე გაგვიმასპინძლდნენ ალაფურშეტით. გადავიღეთ მათთან სურათები და კინოფირზე გადაიღეს.

ქალაქი სულ უფრო და უფრო მომწონს. ძალიან ლამაზია. წყნარი და მშვიდი, ხალხიც წყნარი ჩანს, ექსპანსიური არაა, როგორც ჩვენ.

14-ში დაპატიჟებული ვართ თეატრში. ჰო, დამავიწყდა, შეხვედრას ესწრებოდნენ გამოჩენილი მსახიობები, რეჟისორები, კრიტიკოსები და პრესის წარმომადგენლები.

ნ.ურუშაძე

11.10.67

1 საათზე შედგა პრესკონფერენცია. წაგვიყვანეს აქაური თეატრალური საზოგადოებაში – ძველებური ლამაზი ორსართულიანი სახლი, ულამაზესი ხის ინკრუსტირებული ჭერით, ფართე ნახატი შუშის ფანჯრებით.

მათი მხრიდან იყვნენ:

კოსტაკი ანტონიუ – რუმინეთის სახალხო არტისტი, თეატრალური ინსტიტუტის რექტორი, თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე; ნიკი ატანასიუ – სახალხო არტისტი, თეატრალური საზოგადოების პირველი მდივანი; მონი გელერტერ – კარაჯალეს თეატრის რეჟისორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე; ირინა რაკიტიანუ – კარაჯალეს თეატრის დამსახურებული არტისტი; ელენა დელიანუ – დირექტორი მუშათა თეატრისა, (რკინიგზის თეატრი); ჯორჯე კარაბინ – ლუჩია სტურდზა – ბულანდრას სახელობის თეატრის მსახიობი; ანდრეი ბელიანუ – თეატრალური გაზეთიდან „სკыნტეიადან“; სანდა მანუ – ნოტტარის სახელობის თეატრის რეჟისორი; დან ნეგრიანუ – თეატრალური საზოგადოების დირექტორი და ჯარჯი ენესკუს სახელობის ფესტივალის გენერალური მდივანი; ვალენტინ სილვესტრუ – თეატრალური ჟურნალიდან „კონტემპორანულ“; მარიანა პირვულესკუ – გაზეთიდან; პეტრე ნიკოლესკუ – რადიოდან; სენტიმნუ სევერ – დამს. არტ. ლუჩია სტურძა ბულანდრას სახ. თეატრიდან

მიგვიღეს შესანიშნავ დარბაზში – ხალიჩები, სავარძლები, გვიმასპინძლეს – ნამცხვარი, ლუდი, მინერალური, ყავა. სიტყვით მოგვმართა ნიკი ატანასიუმ. შემდეგ ჯგუფ-ჯგუფად საუბრობდნენ, ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, სერგო იყო. ის პასუხობდა შეკითხვებზე, უამბობდა ჩვენი თეატრის ამოცანებზე, მის პირად შემოქმედებით გეგმებსა და სურვილებზე, წიგნზე, რომელზედაც მუშაობს. ამას ყველაფერს იღებდნენ აქაური ფოტოგრაფები და ჩვენი ტელევიზია. შემდეგ გვთხოვეს შთაბეჭდილებათა წიგნში რამდენიმე სიტყვა ჩაგვეწერა ქართულად. ჩვენ ჩავწერეთ: მესამე დღეა ვიმყოფებით შესანიშნავ ქალაქში. ვითამაშეთ ერთი წარმოდგენა, ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ გვეგრძნო ის, რაც დამახასიათებელია რუმინელი ხალხისთვის – ყურადღება, გულთბილობა და ჭეშმარიტი ინტერესი ხელოვნებისადმი. ხელი მოაწერეს ს.ზაქარიაძემ, გ.გეგეჭკორმა, ბ.კობახიძემ და მე. სწორედ ამ დროს სერგოსთან მოვიდა რეჟ. მონი გილერტერი და მადლობა გადაუხადა მას და თეატრს წუხანდელი სიამოვნებისათვის.

მ ხნის განმავლობაში ოთარ ლითანიშვილი აკეთებდა დამსწრეთა მეგობრულ შარჟებს, რასაც დიდი წარმატება ჰქონდა და ეფექტი. მსახიობმა სენტიმნუ სევერმა ყველა დაგვპატიჟა 14-ში საღამოს თავის თეატრში სარტრის პრემიერაზე, რომელშიც თვითონ თამაშობს მთავარ როლს.

საღამოს „სიბრძნეზე“  ცოტა იყო ხალხი, პარტერიც კი არ შეივსო, ისევ ჩვენ შემოვედით, ვინც თავისუფალი იყო წარმოდგენიდან. წარმოდგენაც ცუდად მიდიოდა. ჯერ ერთი, სცენის სიმცირის გამო საგნების შესრულების ცუდი ხარისხი გამოჩნდა (ზარი, ქვევრი, ჭა), მეორე და მთავარი – ძალიან ცუდად თამაშობდნენ, როგორც ყოველთვის, მხოლოდ ტექსტს ლაპარაკობდნენ. როცა კარგად მიდიოდა ეპიზოდი (კახის – ძროხის და თხის ეპიზოდი), რეაქციებიც იყო და ტაშიც. ბოლოს მაინც დიდხანს უკრავდნენ ტაშს – ხალხი ცოტა იყო, მაგრამ ვინც იყო, იმათ მაინც კარგად მიიღეს. კიდევ იყო ერთი უზარმაზარი მიხაკების თაიგული.

ამ ბუქარესტში სულ არ ჩანან ბავშვები – ან სკოლა არ არის, ან მოსეირნენი, თუ მთავარ ქუჩაზე არ დადიან?! ვერ გავიგე.

აქაური მაყურებელი ძალიან ხმამაღლა არ იცინის, სალომეს (ყანჩელი) და ჩემ სიცილზე უკან იყურებოდნენ – ვინ არიანო!

გ.გეგეჭკორი

12.10.67

დღისით ვიყავით 10 კაცი მიღებაზე რუმინეთის კულტურის მინისტრის მოადგილესთან. კულტურის სამინისტროს შენობა გაშენებულია შესანიშნავ ხეივანში, რომელიც პარიზის ტრიუმფალური თაღის მსგავსად, თაღით დიდ მოედანზე გადის. ეს მოედანი გაზონებითა და შესანიშნავი ყვავილებით არის დამშვენებული – გარშემოც ლამაზი შენობები ახლავს. ცენტრიდან მოცილებულია, მაგრამ ეს არ იგრძნობა. მოადგილესთან შეხვედრა იყო ძალზე თბილი და საქმიანი, გასაუბრება – აზრთა გაცვლა-გამოცვლა. შემდეგ ინჟინერ-დირექტორმა არქიტექტორმა გაგაცნო რუმინეთის ნაციონალური თეატრის პროექტი. ორი სცენით, პირველი ძირითადი სცენ, მეორე ექსპერიმენტული (სადაც გაიმართება ყველა სახის წარმოდგენა, როგორც კლასიკური, ანტიკური, ასევე თანამედროვე). ოთარ ლითანიშვილმა შენიშვნები შეიტანა პროექტში და ურჩია ძირითადი სცენის პროექტები მაყურებელთა დარბაზის ფოკუსის შესახებ. გაგვიმასპინძლდნენ კონიაკით და ყავით.

საღამოს შედგა „ბებერი მეზურნეები“ დიდი წარმატებით. ესწრებოდა ვიქტორ კერნბახი – ქართველოლოგი, „ვეფხისტყაოსნის“, ნ.ბარათაშვილის, გ.ლეონიძის და ხალხური ზღაპრების მთარგმნელი რუმინულ ენაზე. ძალზე სიმპატიური კაცია, წარმოდგენა ძალიან მოეწონა. წარმოდგენაზე წასვლის წინ ჩვენთან მოვიდა მწერალი ვლადიმერ კოლინი, გერმანულად როგორც იქნა გავაგებინეთ რა გვინდოდა მისგან, გადავეცით წერილი ელენე ახვლედიანისგან, ასევე კონიაკი და გამოფენის კატალოგი.

 ნ.ურუშაძე

12.10.67

2-ზე ვიყავით მიღებაზე კულტურის სამინისტროში (პო პროტოკოლუ), მათი მხრიდან იყვნენ: ვირჯილ ბრედენციანუ – კულტურის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნიკოლაი მონტანუ – თეატრების სამმართველოს ხელმძღვანელი და ა.შ. ჩვენი მხრიდან: დორიანი, არჩილი, ოთარ ლითანიშვილი, გოგი, კარლო საკანდელიძე, ჟორჟიკა (გ.საღარაძე), თამარ თარხნიშვილი, სალომე (ყანჩელი), ბელკა (ბელა მირიანაშვილი) და მე, თარჯიმანი. შეხვედრა მიჰყავდა კულტურის მინისტრის მოადგილეს (მინისტრი დღეს ჩამოსულა და იქნება „მეზურნეებზე“). ძალიან სასიამოვნოდ გვიმასპინძლეს და შინაურულად.

„მეზურნეებზე“ ბევრი ხალხი იყო. პარტერში ბევრი ისეთი შევნიშნე, ვინც წინა წარმოდგენებზეც იყო. ძალიან კარგად უსმენდნენ და უყურებდნენ, განსაკუთრებით ხანშიშესულები. წარმოდგენის შემდეგ ისევ მიხაკების უზარმაზარი თაიგული გამოიტანეს, არ ვიცი ვისგან. ფარდა 4-ჯერ აიწია (აქ იწევა[3]), ტაში არ წყდებოდა, რამდენიმე ქალი ორკესტრის ბარიერთანაც კი მივიდა და რაღაცას ეუბნებოდნენ მსახიობებს. წარმოდგენას ესწრებოდნენ რუმინეთის კულტურის მინისტრი (ანუ ხელოვნების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, არქიტექტორი პომპილიუ მაკოვეი.) რუსთაველის რუმინულ ენაზე მთარგმნელი პროფესორი ვიქტორ კერნბახი და ახლა უკვე ჩვენი მუდმივი მაყურებელი პროფესორი ნანუ. წარმოდგენა ძალიან მოეწონათ.

ჩვენთან მოვიდა მწერალი ვლადიმერ კოლინი, რომელიც თავის მეუღლე, მხატვარ მარჩელა კორდესკუსთან ერთად რამდენიმე წლის წინ იყვნენ საქართველოში და ელენემ (ელენე ახვლედიანი) ჩვენთან მარტყოფში ჩამოიყვანა. გადავეცით ელენესგან მისი გამოფენის კატალოგი („თბილისი“), წერილი და კონიაკი. ძალიან გაუხარდა, შეგვთავაზა თავისი დახმარება. მოვა ხვალ დილას.

 გ.გეგეჭკორი

13.10.

რამდენადაც დილანდელი რეპეტიცია 11 სცენისა[4] იყო ნერვების მომშლელი და საეჭვო – ვაითუ არაფერი გამოგვივიდეს-მეთქი – იმდენად წარმოდგენა ჩატარდა ბრწყინვალედ, სცენები ერთი მეორეზე უკეთესად მიდიოდა, სულ ტაშის გრიალში და აღტაცებებში, ბოლოს დიდი ოვაცია გაიმართლა დაახლოებით 5-7 წუთი მაინც. დიდი თაიგულიც მოგვართვეს.

ვერ გამიგია საიდუმლო ამ არჩილ ჩხარტიშვილის, მაინც რა დიდი ბედი აქვს. კარაჯალეს[5] ნაწყვეტზე სულ აპლოდისმენტები იყო. სხვებზედაც. ერთი სიტყვით, დიდი ტრიუმფი იყო, მოკლედ რომ თქვათ, გვაღირსეს – წარმოდგენის შემდეგ მთელი კოლექტივი მიგვიწვიეს საბჭოთა საელჩოში, სადაც ურიცხვი ხალხი იყო, აქაური მწერლები, მსახიობები, რეჟისორები და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები. ჩვენებმა მაგრად შეუბერეს ცეკვები და სიმღერები, სიტყვებიც კარგი თქვეს. საელჩო ძალიან კმაყოფილია – შეგვპირდნენ, რომ მოსკოვსაც მივწერთ და საქართველოსაცო. ხვალ კიდევ დიდი ამბები გველის. ვნახოთ, რა იქნება.

ჰო, კინაღამ დამავიწყდა – ვლადიმერ კოლინი იყო ამ დილით და ელენესთვის იყიდა საღებავები. საღამოს კიდევ მოვიდა და მოგვიტანა საჩუქრები. ძალიან სიმპატიური კაცია.

ნ.ურუშაძე

13.10. „11 სცენა“

დარბაზი გადაჭედილი იყო – სულ რჩეული საზოგადოება, ძირითადად მწერლები და თეატრის მუშაკები. მიდიოდა წარმოდგენა შესანიშნავად, სულ ტაშის გრიალში.

თანმიმდევრობა:

  1. „ხოგაის მინდია“ (ჯვრისწერა და ხადიბთან ??? სამიჯნ)
  2. „გვადი ბიგვა“ ( პირველი მოქმედების ბოლო მონოლოგი)
  3. „ლირი“ (პილიკოკი)
  4. „პეპო“ (ზიმზიმოვი და ფეფელა)
  5. „ჩალის ქუდი“ (ფინალი)

მეორე მოქ:

  1. „მზიანი ღამე“ (კომკავშირის კრება)
  2. „სეილემი“ (ელისაბედის დაპატიმრება)
  3. „ჭინჭრაქა“ (გუნდის რეპეტიცია)
  4. „ფიროსმანი“ (ქეიფი)
  5. „დაკარგული ბარათი“ ()
  6. „ვეფხისტყაოსანი“ (ავთანდილის ანდერძი, მედიკო და კოტე, ფინალი)

ანტრაქტში აქაურმა კულტურის სამინისტრომ გვიმასპინძლა. სპექტაკლზე იყო ამათი ცნობილი მსახიობი ბელიგანი, რომელმაც უთხრა დორიანს, რომ აღტაცებულია ჩვენი თეატრის მრავალფეროვნებით, განსაკუთრებით გააოცა იმ რწმენამ, რომლითაც გამსჭვალული არიან არტისტები ყველაფრის მიმართ, რასაც აკეთებენ სცენაზე. გულახდილად აღიარა, რომ კარაჯალეს ასეთი გადაწყვეტისთვის რუმინელებს არ მიუგნიათ და ახლა თვითონაც მოუნდა ამ პიესის დადგმა.

წარმოდგენის შემდეგ სსრკ საელჩოში მოაწყეს ბანკეტი 200 კაცზე. იქ სიტყვით გამოვიდნენ არჩილი, მე და კოტე მახარაძე. არჩილმა ჩვენი გასტროლების მნიშვნელობის შესახებ. კოტემ ილაპარაკა იმის შესახებ, რომ ქართველებს მასპინძლობა უფრო ეხერხებათ, ვიდრე სტუმრობა, რომ რკინიგზის და საჰაერო გზის გამოგონებამდე საზღვაო გზა იყო, ამ გზით კი კონსტანციდან ბათუმამდე სულ ახლოა და გვეწვიეთო. ყოველი სიტყვის შემდეგ სიმღერები იყო, მერე ცეკვები, ნატაშამაც იცეკვა, გურანდამ, ლიკამ, მერე ერთი მშვენიერი გოგო იყო იტალიელი ან ინდოელი, ბიჭებმა უცეკვეს, მერე ცხვირსახოცები დაუდეს, ზედ გაატარეს, დაუჩოქეს, ჩაუმუხლეს, ერთი სიტყვით, კინაღამ ისიც გადარიეს და სხვებიც. ელჩი და ყველანი ძალიან კმაყოფილები იყვნენ.

გ.გეგეჭკორი

14.10

დღისით კოქტეილზე ვიყავით, რომელიც გაგვიმართა რუმინეთის კულტურის სამინისტრომ. ესწრებოდნენ მსახიობები, რეჟისორები, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, თვით კულტურის მინისტრი (რომელიც თვითონ არქიტექტორი ყოფილა), მისი მოადგილე.

კოქტეილის შემდეგ დავათვალიერეთ ბუქარესტი. მთელ ქალაქში ვიარეთ.
ძალიან ბევრი ეკლესიებია, რუმინული, რუსული, სომხური, ბერძნული, და ბოლოს მივედით ანტიმის (ანთიმოზ ივერიელის[6]) ქუჩით ანთიმოზის აშენებულ ეკლესიაში. ეკლესია, რა თქმა უნდა, რუმინულია, მაგრამ ამბობენ, ქართულის გავლენა აქვსო ორნამენტებში. შიგნით, საკურთხეველთან მისი ხელით დახატული სასულიერო პირები, მათ შორის ერთი თვითონ. იგი ხომ მიტროპოლიტი იყო. ეკლესიაში შესასვლელი ხის კარიც მისივე ნაკეთებია, ყველაფერი ძალზე ნიჭიერად და საინტერესოდ.

ჩვენ შიგნით ვიმღერეთ „შენ ხარ ვენახი“ და „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“. საღამოს წავედით კომედიის თეატრში, რომელსაც ხელმძღვანელობს ბელიგანი. ვნახეთ აურელ ბარანკას პიესა „საზოგადოებრივი აზრი“, ბელიგანის[7] დადგმით და მონაწილეობით. დადგმა დიდი არაფერია, არც არტისტები უქნია ღმერთს, მაგრამ თვითონ კარგია. მაგრამ რაიმე განსაკუთრებული არაფერია. ვფიქრობ, ჩვენზე უკეთესი არაა. არც ჩვენები დარჩნენ კმაყოფილნი.

 ნ.ურუშაძე

14.10

12-ზე კოქტეილი, რომელიც მოაწყო აქაურმა კულტ.სამინისტრომ, იყო მინისტრი, ელჩი და სხვანი, დიდებულად გაგვიმასპინძლდნენ. შემდეგ დაგვათვალიერებინეს ქალაქი – ანთიმოზ ივერიელის სახელთან დაკავშირებული მუზეუმი, ბრანკივიანუს სასახლე და ეკლესია.

საღამოს ვიყავით ბელიგანის თეატრში, ვნახეთ თანამედროვე რუმინელი დრამატურგის აურელ ბარანკას „საზოგადოებრივი აზრი“[8]. ბევრი არაფერი – კოჰოუტის გავლენით დაწერილი პიესა იმის შესახებ, თუ როგორ უჭირს პატიოსან კაცს ცხოვრება. თვითონ ბელიგანი მსოფლიო სახელის პატრონი კაცია, მაგრამ უბრალოების და მომხიბვლელობის მეტი აქ არაფერი ჰქონდა (მთავარ როლს თამაშობდა).

 გ.გეგეჭკორი

15.10

დილით ჩავსხედით ჩვენს დიდ ავტობუსში და 500 კილომეტრი გავიარეთ კლუჟამდე. ძალზე დამქანცველი გზა იყო, თუმცა გზა თავისთავად მშვენიერი. მოვთავსდით სასტუმრო „კონტინენტალში“ და მკვდრებივით დაგვეძინა.

ნ.ურუშაძე

15.10

წამოვედით კლუჟში. ბუქარესტიდან კლუჟამდე 480 კილომეტრია. გავიტანჯე, მაგრამ ასე გმირულად არ მიმგზავრია. სასტუმროში დაგვხვდნენ აქაური მსახიობები მიხაკის თაიგულებით. ჩვენ დავბინავდით სასტუმრო „კონტინენტალში“, დანარჩენები „ასტორიაში“.

16.10

დილით ვიყავით აქაურ თეატრში, სადაც ჩვენ ვთამაშობთ. ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ბუქარესტში რომ ვთამაშობდით, ფერით იგივეა, მუქი წითელი თეთრით, ოღონდ აქ ოქროც შეერია ცოტა. პარტერში 17 რიგია, შემდეგ ერთ მთლიან დიდ ლოჟასავით უკან, როგორც კინოში. პირველ რიგში 14 სკამია, შემდეგ ცოტა მეტი. ნუმერაცია – ერთ მხარეს წყვილი, მეორე კენტი, შუაში გასასვლელი, პირველი და მეორე იარუსი – ლოჟები, შიგ სარკეები ბრინჯაოს ხვეულ ჩარჩოებში. 1904 წელს აუშენებია იმავე არქიტექტორს, ვინც ოდესის თეატრი ააშენა. მესამე – ბალკონი. სცენაც დიდია. მაგრამ არც წრე, არც ფურკები, აქ ოპერა, ბალეტი და დრამა მუშაობს. საღამოს გვქონდა პირველი წარმოდგენა. აქ დავიწყეთ „11 სცენით“ („ჩვენ, მისი უდიდებულესობა!“ არ გამოდის წრის და ფურკების უქონლობის გამო, დეკორაციები უკვე გაიგზავნა მოსკოვში). იყო უამრავი ხალხი, წარმოდგენა კარგად წავიდა, წარმატება აქაც ჰქონდა „ლირს“, „მზიან ღამეს“ და კარაჯალეს. გასაოცარია, მაგრამ ყველაზე მეტი რეაქციები აქაც „მზიან ღამეზე“ იყო. წარმოდგენის შემდეგ კვლავ უზარმაზარი კალათი წითელი მიხაკებით. შემდეგ კულისებში შედიოდა აქაური საოლქო კომიტეტის (კულტურის დარგში) თავმჯდომარე ქალი, რალიუკა რიპანი (ქიმიკოსი, აკადემიკოსი), სატინას ჩამოგავდა, ოღონდ უფრო ახალგაზრდა. დიდი მადლობა გადაგვიხადა, დიდი მოწონება, მეტად ორიგინალური თეატრიაო, განსაკუთრებული მადლობა კარაჯალეზე – ან თქვენც მსგავსი რამ გქონდათ თავის დროზე თქვენს ქვეყანაშიო, ან გენიალური მიგნებააო. ისიც თქვა, დიდი ხანია, ამდენი ლამაზი ქალი ერთად არ მინახავს, როგორც თქვენს სცენაზეო. გამოგვემშვიდობა ხვალინდელ წარმოდგენამდე. ვნახოთ, რას მოგვიტანს ხვალ, „სიბრძნე-სიცრუისა“. მანამდე 12.30 შეხვედრა გვაქვს აქაურებთან ჩვენს სასტუმროში.

 17.10

შეხვედრა დიდი სუფრით იყო დამშვენებული, ხელმძღვანელობდა რალიუკა რიპანი – პირველი ქალი აკადემიკოსი რუმინეთში, ამბობენ 78 წლისაა, არ ჰგავს, 65-ზე მეტს ვერ მისცემ. დიდი ენაწყლიანობით ხელმძღვანელობდა სუფრას. გოგიმ ჩვენებური სურა აჩუქა, ვიღაცამ თამარ მეფის ჭედური ჩამოჰკიდა ყელზე. ძალიან მოგვეფერა, ჩვენც მოვულხინეთ. არჩილმა თქვა ყოვლად უნიჭო სიტყვა, მაგრამ შემდეგ სიმღერა და ცეკვა გაჩაღდა. ქალმა თქვა აღარ ვიცი, დრამის თეატრი ხართ, ოპერის თუ ბალეტისო. ძალიან კარგად უკრავდა აქაური ორკესტრი და მევიოლინე.

„სიბრძნეზე“ გადაჭედილი იყო დარბაზი, არცერთი ბილეთი არ იყო სალაროში. წარმოდგენა ბუქარესტთან შედარებით უკეთ მიდიოდა, მაგრამ მაინც ძალიან ცუდად თამაშობენ – სულ არ თამაშობენ, უნამუსოდ ტექსტს კითხულობენ. მუშაობენ მარტო კახი (კავსაძე), რეზო ჩხაიძე, მზია და დათო პაპუაშვილი. მე მეგონა, რომ დღევანდელი მაყურებელი წუხანდელმა წარმოდგენამ მოიყვანა, ვნახოთ, რა იქნება ხვალ „მეზურნეებზე“. – ეს ყველაზე კარგად გამოაჩენს დღევანდელი სპექტაკლის ნამდვილ წარმატებას.

 18.10

7.20 წ. დარბაზში 40-მდე კაცი თუ იქნებოდა, მე და დორიანს ადამიანის ფერი აღარ გვედო, მაგრამ 15 წუთში ყველაფერი გადაიჭედა. უამრავი ხალხი, სპექტაკლი მიდიოდა ისე, როგორც არასდროს, თბილისშიც არ მახსოვს ამდენი რეაქცია, მაგრამ მე ყველაზე მეტად მაინც ის მაოცებდა და მახარებდა, თუ როგორი სახეებით უყურებდა მაყურებელი სცენას. ხმამაღალ რეაქციათა შორის (სიცილი, ტაში) მდუმარება, ღიმილი და კეთილი თვალები უფრო მხიბლავდა. როგორც ყოველთვის, დირექტორის ლოჟაში ვიჯექი და მაყურებლს ვუყურებდი და არა სცენას, ანტრაქტში ჩვენთან მოვიდა აქაური ქართველი, ვინმე ალექსი ტლაშაძე, რომელიც უკვე 40 წელია აქ ცხოვრობს, ჰყავს 9 შვილი, 5 ვაჟი და 4 ქალი, ყველაზე უმცროსი მოიყვანა, ნადია, 26 წლის მშვენიერი გოგო, თვითონ ქართული ახსოვდა, თუმცა უკვე აქაური აქცენტით ლაპარაკობს. გოგონას კი არცერთი სიტყვა არ ახსოვს. წარმოდგენის შემდეგ ისევ დაუსრულებელი ტაში, უზარმაზარი კალათი, ყველა ბედნიერი ვიყავით. კლუჟის თეატრის (საოპერო დასის) დირექტორი მოვიდა ჩვენთან. მადლობა მითხრა, კიდევ ერთხელ გამოთქვა აღტაცება იმის გამო, რომ დასში ამდენი კარგი არტისტია და მკითხა – ნუთუ მეტს აღარ ჩამოხვალთ, ხომ გრძნობთ, რომ მიდიხართ და ჩვენი გულის ნახევარი თან მიგაქვთო. შემოდიოდნენ სხვებიც.

19.10

ჩამოვედით ტირგუ მურეშში, პატარა ქალაქია, მაგრამ ძალიან ლამაზი. განსაკუთრებით მთავარი ქუჩა უაღრესად ჰარმონიული არქიტექტურული ანსამბლია. თავში რუმინული ეკლესიაა – ბოლოში უნგრული, ორივე შესანიშნავი, განსაკუთრებით მომხიბლა სპილენძის სახურავებმა, მაგრამ ერთი ლაპლაპებს მოწითალოდ, მეორე კი  მომწვანო ჟანგითაა დაფარული.

მოგვათავსეს სასტუმრო „ტრანსილვანიაში“, ძალიან ახლო თეატრისგან. საღამოს 7 საათზე მიწვეული ვიყავით თეატრის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად. ვიყავით: არჩილი, დორიანი, გოგი, მე და გივი კვაჭაძე, რომელსაც მუშებისთვის უნდა მიეთითებინა ხვალინდელი წარმოდგენის დეკორაციის მორგება ამ სცენაზე. (საშინელი სცენაა – საკონცერტო დარბაზიდან გადაკეთებული მაყურებელთა დარბაზში ვიწრო, პატარა, წრის გარეშე, არც ჯიბეები, არც ფურკა) მათი მხრიდან იყვნენ თეატრის დირექტორი, რეჟისორები, მსახიობები, ლიტ. ნაწ. გამგე და პრესა. შეხვედრა გახსნა დირექტორმა – გეორგ ტეოტორესკუ. ილაპარაკა, რომ უკვე იცის აქაურმა მაყურებელმა ჩვენი წარმატების შესახებ ბუქარესტსა და კლუჟში და გველის. მათ უკვე უნახავთ აქ ჩამოსული სამხატვრო თეატრი, ვახტანგოვის, მაიაკოვსკის სახელობის, ლენინგრადის დიდი დრამატული. მოკლედ გვიამბო, რომ ამ თეატრში ორი დასი მუშაობს – უნგრული, 42 კაცი და რუმინული 29 კაცი. თამაშობენ ბევრს, აინტერესებთ მოკლედ ჩვენი თეატრის ისტორია და დღევანდელი ამოცანები. მე მოკლედ ვუამბე, რომ 1921 წლიდან მთელი შემოქმედებითი ცხოვრება არის ბრძოლა იმისათვის, რომ თეატრი იყოს თანამედროვე. ეს იყო ადვილი, რადგან თანამედროვეობა რთულია, რომ ადრე რუსთაველის თეატრი იყო ჰეროიკულ-რომანტიკულად წოდებული, მაგრამ უკვე ათზე მეტი წელია, დასს სურს ახლებურად იყოს გმირული და რომანტიკული, განამტკიცოს ადამიანის მაღალი მოწოდების და ღირსების ბრძოლა კლასიკურსა და თანამედროვე ნაწარმოებებზე. ვუამბე სულხან-საბას დადგმის შესახებ, მეზურნეებზე და ა.შ. გასცენიურების სიხშირეზე და ექსპერიმენტებზე. ამან გამოიწვია გატაცებული საუბარი ექსპერიმენტსა და სიახლეზე. ბოლოს თქვეს, რომ ჩვენთანაც იგივეაო. მაყურებელს ყველაზე მეტად უყვარს თანამედროვე, მხატვრულად მაღალხარისხოვანი დრამატურგია.

ილაპარაკა დორიანმა მცირე სცენის შესახებ, არჩილმა კლასიკის თანამედროვეობაზე, შემდეგ გვითხრეს, გვინდა ჩვენც გიჩვენოთ ნაწყვეტები ჩვენი სპექტაკლიდანო. ეს შედგება მგონი ხვალ, სპექტაკლის შემდეგ. როდესაც დორიანმა უამბო ჩვენი სპექტაკლების შესახებ, რა დავდგით წარსულ სეზონში და ეგზიუპერი დაასახელა, აქაურმა დირექტორმა გვთხოვა, პიესის ეგზემპლარი გამოგვიგზავნეთო.

 20.10

პირველ საათზე წაგვიყვანეს აქაური ბიბლიოთეკაში, რომელიც ცნობილია მსოფლიოში. ეს ბიბლიოთეკა დაუარსებია მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში გრაფ სემუელ ტელეკის, ის საზ-მეცნიერული ხასიათისაა. შეუკრებია 40 000 ეგზემპლარი თავისი დროის რუმინელ, უნგრელ და საერთოდ ევროპელ მწერალთა პირველი გამოცემებისა, აგრეთვე უძველეს ხელნაწერთა. ამ გამოცემებს შორისაა კანტემირი, ერაზმ როტერდამელი, ვოლტერი, რუსო და სხვა ხელნაწერები ათეულ ათასობით. დღესაც  ბიბლიოთეკას შენარჩუნებული აქვს თავისი პირვანდელი სახე. ეს არის ორსართულიანი შენობა, შიგნით თითქმის სულ თეთრი, როგორც კედლები, ისე წიგნის კარადები, რომლებსაც არ აქვს შუშები, მათ ნაცვლად მავთულის ბადეებია ჰაერისთვის. მრავლადაა დამაარსებლის ფერწერული პორტრეტები, აგრეთვე გამოჩენილ მოღვაწეთა პორტრეტები და შავი ფერის ქანდაკებები. აქ მხოლოდ მეცნიერ-მუშაკები მუშაობენ.

[9] ვნახეთ ტირგუმურეშში გამოცემული ერთი წიგნი – 1786 წლის. აქვე დაცულია ანთიმოზ ივერიელის მიერ დაბეჭდილი მისი რელიგიური ნაშრომი – 1701 წლის. 1657 წლის დაბეჭდილი რუკა, რომელზეც აღნიშნულია საქართველო და თბილისი, 1320 წლის ხელნაწერი ბიბლია. ის გადაწერილია ერთი კაცის ხელით, უწვრილესი ასოებით. წიგნი გამოცემული 1476 წელს, რომელზედაც არის ტელეკის ექსლიბრის. ერთი ბიბლია, რომელიც ითარგმნა რუმინულ ენაზე, ე.წ. ბუქარესტის ბიბლია გამოცემული 1688 წელს, დიდი ზომის წიგნი, მძიმე, სქელი, ყავისფერ ტყავში – ესეც იმდროინდელია. „ვეფხისტყაოსანი“ რუმინულად 1949 წლის გამოცემული ბუქარესტში.

მუზეუმის დირექტორი, შედარებით ახალგაზრდა კაცი, ძალიან საინტერესოდ გვიამბობდა ამ მუზეუმში, გატაცებით და სიყვარულით. შემდეგ თეატრს საჩუქრად მოართვა ალბომი, რომელიც ასახავს ამ მუზეუმს. გვთხოვა ჩაგვეწერა რამე შთაბეჭდილებათა წიგნში. მე ჩავწერე: „რუსთაველის სახელობის ქართული თეატრის დასმა დიდი ინტერესით დაათვალიერა განძეულობათა ეს კრებული. აზრის ასეთი ტაძრის შექმნა, სადაც თავმოყრილია ყველაზე საუკეთესო, რაც შეუძლია შექმნას ადამიანმა – აზრი, – შეუძლია შექმნას მხოლოდ ერის სიყვარულმა და ჭეშმარიტმა ინტერესმა წიგნისადმი. ჩვენი დიდი აღტაცების მცირე საბუთი იყოს ჩვენი ეს მცირე ჩანაწერი“. ხელი მოაწერა უამრავმა ხალხმა.

საღამოს „სიბრძნე“, გადატენილი დარბაზი, ხშირი და აქტიური რეაქციები, დასასრულს დემოკრატიულამდე მისული ტაში.

აქაური თეატრის ლიტ.ნაწილის გამგემ მთხოვა ხვალ შევხვდეთ ერთმანეთსო.

 21.10

შეხვედრა არ შედგა – ავცდით ერთმანეთს. 1 საათზე აქაურებმა კოქტეილზე წაგვიყვანეს რომელიღაც დღის ბარში და გვიმასპინძლეს. დროისტარება ისევ ისე მიმდინარეობდა, როგორც სხვა დროს – ისევ სიტყვები, შემდეგ სიმღერები და ცეკვები. შემდეგ აქაური თეატრის დირექტორმა გეორგ ტეოდორესკუმ ილაპარაკა „სიბრძნეზე“, ვიყავით: სალომე, ზეიკო, მზია და მე. თქვა: „იმ თეატრების მიხედვით, რომლებიც ჩამოსულან გასტროლებზე ჩვენთან (მხატი, ზავადსკის, ოხლოპკოვის, ტოვსტონოგოვი) მე მქონდა გარკვეული წარმოდგენა საბჭოთა თეატრზე, მართალია, ეს თეატრები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ მათ შორის არის მაინც რაღაც ისეთი, რაც მათ საბჭოეთის ფარგლებში ათავსებს. თქვენ კი, საერთო ევროპულ თეატრალურ ენაზე ლაპარაკობთ, ამავე დროს ნაციონალურიც ხართ, თქვენი სპექტაკლები არის ბრეხტი და ცოტა რაღაც კიდევ მის ფარგლებს იქეთ, რაც ქართულია. ჩინური და იაპონური თეატრებიც შესანიშნავია, მაგრამ ისინიც ლოკალური არიან, თქვენ – არა. ძალიან თანამედროვენი ხართ.“

საღამოს „11 სცენა“ იყო, დღეს ზოგი ნაწყვეტი ძალიან კარგი იყო, მაგრამ მთლიანად უფრო ნაკლებად წავიდა, ვიდრე მანამდე სხვა ქალაქებში. უამრავი ხალხი, დაუსრულებელი ტაში, ოვაციები, ყვავილები. წარმოდგენის შემდეგ მე ვთხოვე დირექტორს დაეწერა თავისი შთაბეჭდილება. დამიწერა.

ხვალ ბუქარესტში ვბრუნდებით, ზეგ კი – მოსკოვში. მადლობა ღმერთს!

 22.10

ჩამოვედით ბუქარესტში, წამოვედით სხვა გზით, გადმოვიარეთ კარპატები ულამაზესი მხრიდან ქ.ბრათ – საოცრად ლამაზი ქალაქია, ულამაზესი სოფლებით და სახლებით. დავბინავდით ისევ სასტუმრო „ამბასადორში“. საღამოს სალომე, დორიანი და გოგი და მე ვიყავით ბელიგანის მიწვევით მის თეატრში, ვნახეთ პიესა,  რომელიც მას უნდოდა, რომ გვენახა. შინაარსი: 4 სკოლის ამხანაგი ძალიან დიდი ხნის შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს და გადაწყვეტენ აურიონ გამვლელ-გამომვლელებს ქუჩაში, შემდეგ არის საილუსტრაციო ეპიზოდები, დასხდებიან ერთი დიდი ხის ფუღუროში – ზემოდან ჩამოდის მწვანე ფერის სქელი მავთულების თუ ხის წნული ბურთი, რომელსაც გვერდებიდან შესასვლელი აქვს, შიგნით კი გამაკი ამ 4 ახალგაზრდისთვის. მათი საქმიანობა უკვე იმდენად პოპულარული ხდება, რომ მოდიან ახალი ადამიანები – გაწევრიანების მსურველები. არავითარი აზრი და არავითარი ემოცია, თვითონ ეს სახელგანთქმული ბელიგანი, მე თუ მკითხავ, საერთოდ არ არის არტისტი – ორივე სპექტაკლში ერთნაირად ცივია, მშვიდად ელის თავის რეპლიკას და მერე ასევე მშვიდად პასუხობს. მთელი აზრი, როგორც ჩანს, ტექსტშია და მაყურებელი ისმენს და რეაგირებს კარგად. ჩვენთან უსტვენდნენ ასეთ თამაშს. იმდენად არ მოგვწონს, რომ წარმოდგენის შემდეგ ბოდიში მოვუხადეთ ბელიგანს და შინ მიწვევაზე უარი ვუთხარით – გზაში დაღლა მოვიმიზეზეთ.

23.10

ჩამოვედით მოსკოვში. დავბინავდით სასტუმრო „როსიაში“, ძალიან კარგად.

24.10

ვახტანგოვის თეატრში „გვადი ბიგვა“ ვითამაშეთ. ბევრი ხალხი იყო. უმრავლესობა ქართველები – აქაური და ჩამოსულები. გაიხსნა თუ არა ფარდა, დეკორაციას ტაში დაუკრეს. წარმოდგენა კარგად წავიდა, ეროსი ძალიან კარგი იყო, მაგრამ პირველი მოქმედების შემდეგ ბევრი წავიდა, რადგან ყურმილები დაზიანდა და თარგმანი არ ისმოდა. მეორე და მესამე მოქმედებაში გამოსწორდა. წარმოდგენის შემდეგ თეატრს მიესალმნენ ვახტანგოვის თეატრის სცენაზე მსახიობები: ტოლჩანოვი, მანსუროვა და კიდევ ერთი ქალი. ტოლჩანოვმა აღტაცება გამოთქვა დღევანდელი წარმოდგენის მიმართ იმის გამო, რომ ეს არის შერწყმა დიდი უშუალობის, სიმართლის და თეატრალობის. მადლობა გადაუხადა თეატრს იმის გამო, რომ რუმინეთიდან გამარჯვებით დაბრუნებულები პირველი ვახტანგოვის თეატრს ეწვივნენ.

 25.10

დღეს დილით არჩილი, სერგო და დორიანი იყვნენ ფურცევასთან[10], რომელსაც დიდი სიხარული გამოუთქვამს რუმინეთში ჩვენი გამარჯვების გამო. საღამოს შეპირებია „უდიდებულესობაზე“ მოსვლას, მაგრამ არ მოვიდა. ხალხი უამრავი იყო. ელისო კარგად თარგმნიდა, მაგრამ ტექნიკურად ძალიან ცუდად მიდიოდა – შუქი დროზე არ ინთებოდა, წრე არ ტრიალდებოდა საჭირო სისწრაფით, ზარი დროზე არ ირეკებოდა… ერთი სიტყვით, საშინელება იყო. მაყურებელი ამას ვერ ამჩნევდა, მაგრამ ამის გამო ისედაც ფრაგმენტული ნაწარმოები უფრო მეტად იყო დანაწევრებული, რიტმულად ვერ გაიმართა, ჩვენ ყველა საშინელ გუნებაზე ვიყავით, მაგრამ წარმოდგენის შემდეგ სცენაზე ამოვიდა ვ. პოპოვი (სსრკ კულტულრის მინისტრის მოადგილე), ვლადიკინი (აგრეთვე მოადგილე) და ტარასოვი (კულტ სამინისტროს თეატრების სამმართველოს უფროსი). ვ. პოპოვმა მიულოცა თეატრს გამარჯვება, აღნიშნა, რომ 50 წლისადმი მიძღვნილ წარმოდგენათა შორის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ აზრით წმინდა და კეთილშობილურია, ამავე დროს აჩვენებს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს – მუშათა კლასს. რომ ამ სპექტაკლს საერთო საკავშირო მნიშვნელობა აქვს. მადლობა გადაგვიხადა და ისიც შეგვატყობინა, რომ ფურცევამ უკვე მოაწერა ხელი მადლობის ბრძანებას ჩვენ უცხოეთში ჩატარებული გასტროლის გამო. ვლადიკინმა თქვა, დიდად სასიხარულოა, რომ ასეთი წარმოდგენა სწორედ საქართველოში შეიქმნაო.

დღეს მაყურებელი ძირითადად რუსი იყო, ამიტომ რეაქციებიც ტექსტზე კი არა, ქმედით ეპიზოდებზე იყო, პლასტიკურებზე (მაგალითად, ელმავლის შექმნაზე – თათბირობისას ყველა მაგიდასთან რომ შექუჩდება და პაპიროსის კვამლი რომ ამოვა).

წარმოდგენის შემდეგ ეთერი და ტუკი იაკობაშვილებმა თავისთან წაგვიყვანეს. იქ იყვნენ: სამი აქაური ქართველი ქალი, კოლია დონდუა (მე და ტუკის სკოლის ამხანაგი), ზურიკო ანჯაფარიძე, ჩვენგან: სალომე, ნატა, მე, ოთარი, ედიშერი, გოგი, ბადრი, გურამი და დორიანი. ძალიან კარგი დრო გავატარეთ, სუფრის მარცხენა მხარეს გახედვა არ შემეძლო, ისეთი თვალები ჰქონდათ ქართველებს. ჩვენი ბიჭები რომ ქართულ სიმღერებს მღეროდნენ. 4 საათზე ძლივს წამოვედით – განშორება არც იმათ, არც ჩვენ არ გვინდოდა.

[1] იონ ლუკა კარაჯალე − (რუმინ. Ion Luca Caragiale, 1852-1912), რუმინელი მწერალი და დრამატურგი.

[2] ბუქარესტის ნაციონალური თეატრის ამჟამინდელი შენობა 1967-70-იან წლებში აშენდა. სავარაუდოდ, აქ აღწერილია თეატრის ძველი შენობა.

[3] იგულისხმება, რომ ფარდა ზემოთ ადიოდა და არ იხსნებოდა ისე, როგორც რუსთაველის თეატრში.

[4] ეს წარმოდგენა იყო საგანგებოდ საგასტროლოდ შექმნილი და შედგებოდა რუსთაველის თეატრის სპექტაკლებიდან ამორჩეული 11 სცენისაგან.

[5] იგულისხმება რუსთაველის თეატრის სპექტაკლი „დაკარგული ბარათი“

[6] ანთიმოზ ივერიელი – რუმინეთის საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, განმანათლებელი, მესტამბე, მწერალი, ვლახეთის მიტროპოლიტი ანთიმოზ ივერიელი, ერისკაცობაში ანდრია. (1650-1716). 1708 წელს ანთიმოზ ივერიელი უნგრო–ვლახეთის მიტროპოლიტად აკურთხეს. მისი ხელმძღვანელობით ვლახეთში 20-ზე მეტი ეკლესია–მონასტერი აიგო, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია „ყოველთა წმიდათა“ მონასტერი ბუქარესტის ცენტრში. ტაძრის მთავარი შესასვლელის მუხის კარი და ქვაზე ამოტვიფრული ქართული ორნამენტები თავად ანთიმოზ ივერიელმა შეასრულა. გ. გეგეჭკორის მოგონებაშიც, სავარაუდოდ, სწორედ ეს ტაძარია აღწერილი.

[7] რადუ ბელიგანი – რუმინელი მსახიობი და რეჟისორი (1918-2016)

[8] რუმინელი ავტორის, აურელ ბარანგას პიესა „საზოგადოებრივი აზრი“ 1967 წელს დადგა რეჟისორმა მიჰაი ბერეჰეტმა

[9] https://telekiteka.ro/en ტელეკის ბიბლიოთეკის ოფიციალური ვებ გვერდი

[10] ეკატერინა ფურცევა, 1960-1974 წლებში იყო სსრკ კულტურის მინისტრი

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ძიძიგური – მიუხედავად იმისა, რომ იხტიბარს არ იტეხენ, ძალიან მძიმე დღეში არიან, 13 წელია აგრძელებენ „ნაციონალების“ თემას, ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი – „ქართულ ოცნებას“ თავის მხარდამჭერებთან სულ უფრო ურთულდება საუბარი