ალექსეი ნავალნის პარასკევს დაკრძალავენ

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ს დაკრძალვის ცერემონია მოსკოვში პარასკევს გაიმართება. ამის შესახებ მისმა მეუღლემ იულია ნავალნაიამ განაცხადა, მაგრამ დასძინა, რომ დარწმუნებული არაა, მშვიდობიანად ჩაივლის თუ არა ცერემონია, თუ პოლიცია დამსწრეებს დააკავებს.
კირა იარმიშმა, ნავალნის სპიკერმა, სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ნავალნის პანაშვიდი პარასკევს შუადღისას ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში, მოსკოვის მარინოს რაიონში ჩატარდება, იმ უბანში, სადაც ნავალნი ცხოვრობდა.
საეკლესიო ცერემონიის შემდეგ ნავალნის დაკრძალავენ ბორისოვსკოეს სასაფლაოზე, რომელიც დაახლოებით 2,5 კმ-ის მოშორებით მდებარეობს, მდინარე მოსკოვის მეორე მხარეს.
„დაკრძალვა ხვალ გაიმართება და ჯერ არ ვარ დარწმუნებული, იქნება მშვიდობიანი, თუ პოლიცია დააკავებს მათ, ვინც ჩემს ქმართან დასამშვიდობებლად მოვა”, – თქვა ნავალნის მეუღლემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
“პუტინმა ჩემი ქმარი მოკლა“, – უთხრა იულია ნავალნაიამ სტრასბურგში ევროპელ დეპუტატებს. “მისი ბრძანებით ალექსეი სამი წლის განმავლობაში აწამეს. ის შიმშილობდა პატარა ქვის საკანში, მოწყვეტილი იყო გარე სამყაროსგან და უარს ეუბნებოდნენ ვიზიტებზე, ტელეფონის ზარებზე და შემდეგ წერილებზეც კი”, – თქვა მან. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ნავალნაიამ პირობა დადო, რომ ის მის საქმიანობას გააგრძელებს.
47 წლის ნავალნი, არქტიკის სასჯელაღსრულების კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. მისმა მოკავშირეებმ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულეს მის მკვლელობაში. კრემლმა უარყო სახელმწიფოს მონაწილეობა მის სიკვდილში.
ნავალნის გარდაცვალების მოწმობაში, მხარდამჭერების თქმით, წერია, რომ, ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
გასულ კვირას მისმა დედამ დაადანაშაულა ხელისუფლება იმაში, რომ მას არ აძლევდნენ შვილის ცხედარს და მოუწოდებდნენ დაკრძალვის კერძო ცერემონია ჩაეტარებინა და არა – საჯარო.