ადვოკატი – ზურაბ ნოღაიდელმა დაადასტურა, რომ მას, როგორც პრემიერს წაკითხული არ ჰქონია კანონი მთავრობის საქმიანობისა და უფლებამოსილების შესახებ, არ იცის რა იყო მისი კომპეტენცია – მოწმე ცრუობს

მოწმე ზურაბ ნოღაიდელმა სასამართლოში დაადასტურა, რომ მას, როგორც პრემიერ-მინისტრს წაკითხული არ ჰქონია კანონი მთავრობის საქმიანობისა და უფლებამოსილების შესახებ და არ იცის ზუსტად, რა იყო მისი კომპეტენცია, – ასე შეაფასა ივერი მელაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის ჩვენება სასამართლოში.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერი დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოში ჩვენების მიცემისას არაგულწრფელი იყო, რიგ შემთხვევაში კი, ის ცრუობდა.
„ყოფილ პრემიერ-მინისტრს საკუთარი კომპეტენცია ჰგონია მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობის გაძღოლა და წარმოდგენაც არ ჰქონდა იმაზე, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მის მთავრობაში მას ექვემდებარებოდა და ანგარიშვალდებული მასთანაც უნდა ყოფილიყო. ასევე, მან თქვა, რომ არასდროს მოუკითხავს, არ დაინტერესებულა როგორ იყო საქართველოს ურთიერთობები აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე, საუბარია, 1996 წლიდან მოყოლებულ ურთიერთობებზე, არ აქვს ინფორმაცია რა ტიპის შეთანხმება იყო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული თავდაპირველად, როცა საზღვრის დელიმიტაცია დაიწყო, რა ტიპის ინფორმაციის გაცვლა მოხდა ერთმანეთთან საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფოებს შორის 1996-97 წლებში, როგორია კარტოგრაფიული მასალა, ან დოკუმენტები იყო, რომელიც ამ ურთიერთობებს ეხებოდა, არასდროს დაინტერესებულა თუ როგორი იყო კომისიის საქმიანობა, რომელიც მუდმივ შეხვედრებს მართავდა აზერბაიჯანულ მხარესთან. მიუხედავად იმისა, რომ მას, როგორც პრემიერ-მინისტრს არ გაუკეთებია ეს ყველაფერი, მაინც თვლის, რომ სხვები არიან პასუხისმგებელი ამ საკითხის გადაწყვეტაზე. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი, როგორც მოწმის ჩვენება, არაფრის მომცემია, რადგან ერთი კონკრეტული ფაქტის და მტკიცებულების წარმოდგენა არ შეეძლო. თუმცა, იყო ერთი პატარა ეპიზოდი, რაც დავაზუსტებინეთ. ის ჩვენებაში თავდაპირველად აღნიშნავდა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთმა მოწმემ [მალხაზ მიქელაძემ] განაცხადა, რომ თითქოს, საქართველოს ტერიტორიის მიღმა რჩებოდა გარკვეული მონასტრები, საუბარია, ბერთუბანზე, უდაბნოს მონასტრის და ჩიჩხიტურის ნაწილზე, ნოღაიდელმა დააზუსტა, რომ სიტყვა რჩებოდაში გულისხმობდა არა იმას, რომ ის იქ უნდა დარჩენილიყო, არამედ კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე ფაქტობრივი მდგომარეობა იყო ამგვარი, თუმცა, საქართველოს პოზიცია იყო უცვლელი, რომ მთლიანად, დავით გარეჯის კომპლექსი მოქცეულიყო საქართველოს შემადგენლობაში“, – განაცხადა მშვენიერაძემ.
კითხვაზე, თუ რას იტყოდა მოწმის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილებებს იმჟამინდელი პრეზიდენტი იღებდა, მშვენიერაძე ასე პასუხობს:
„მოწმემ აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს კანონითაც და კონსტიტუციითაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა 2005 მარტშიც, სწორედ მან დასვა საკითხი, მოეხსენებინათ, თუ რა მდგომარეობა იყო საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებით. სწორედ, იქ იქნა ის მოხსენება წარდგენილი, სადაც ითქვა, რომ კარტოგრაფიული მასალით მდგომარეობა საქართველოსთვის სახარბიელო არ იყო. თუმცა, ამის მიუხედავად ინტერესი იყო, რომ საქართველოს შემადგენლობაში სრულად მოქცეულიყო ბერთუბანიც, ჩიჩხიტურიც და სხვა მონასტრებიც. მოწმემ დაადასტურა, რომ პრეზიდენტის პოზიცია იყო, ყველა ღონე უნდა მიგვემართა, რომ საქართველოს პოზიცია დაცული ყოფილიყო და მათ შორის, ეს ძეგლები, როგორც რელიგიურად, ასევე კულტურულად მნიშვნელოვანი ძეგლები იყო, სახელმწიფოს მათი საქართველოს კუთვნილ ნაწილად შენარჩუნებისთვის ზომები უნდა მიეღოო. სად არის დღეს რუკები და რა ხდება? ამ კითხვას გასცეს დღეს ხელისუფლებამ პასუხი, 3 წელზე მეტი გავიდა ე.წ. რუკების გამოჩენიდან და რა ხდება? რა ხდება ჩიჩხიტურზე, რა ხდება ბერთუბანზე და უდაბნოზე?“ – განაცხადა მშვენიერაძემ.
რაც შეეხება ნოღაიდელის განცხადებას, რომ თუ მას ეცოდინებოდა კონკრეტული მასალების არსებობის შესახებ, ის აუცილებლად მოიძიებდა, ადვოკატი აცხადებს, რომ მოწმე ცრუობს.
„ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ბატონი მოწმე ცრუობს, რადგან ის არაფრით დაინტერესებულა არასდროს ჩიჩხიტურთან, უდაბნოსთან, ან სხვა მონასტრებთან დაკავშირებით, არც კი ჩაუხედავს, როგორ მიმდინარეობდა დელიმიტაციის პროცესი, როცა პრემიერ-მინისტრი იყო, არც არავინ დაუბარებია, არც არავისთვის არაფერი უკითხავს. ახლა, 15 წლის შემდეგ საუბარი, რომ ამ საკითხით დაინტერესდებოდა, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებელია… მოწმეს არ ახსოვს არაფერი, ვერაფერს იხსენებს, კონკრეტულ წერილში, რომელსაც ხელს აწერს და საუბრობს ინციდენტზე, რა ინციდენტია, ვერ იხსენებს, ან არ უნდა, რომ გაიხსენოს, ვფიქრობ, რომ ის არაგულწრფელი იყო, თუმცა, ძირითადად, მაინც მის აზრებს და ემოციებს საუბრობდა. სიმბოლურიც იყო, როცა მას კითხვებს ვუსვამდით, პასუხების დროს, თვალებში პროკურორს უყურებდა, ანუ პასუხებს იქიდან ელოდებოდა“, – განაცხადა მშვენიერაძემ.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.