ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, მსხვერპლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონალური ოფისი იცავს ა.ლ-ს ინტერესებს, რომლის მიმართ შვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ბოლო ძალადობის ფაქტი მოხდა მიმდინარე წლის 8 ივნისს, რაზეც 13 ივნისს რუსთავის შს საქალაქო  სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე.

ძალადობის შედეგად, ა.ლ.-ს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები ხელებსა და ფეხებზე. მითითებული დაზიანებები მან აჩვენა გამომძიებელს, მაგრამ საგამოძიებო უწყებას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ფაქტიდან თითქმის 8 დღის განმავლობაში არ დაუნიშნია, რაც საფრთხეს უქმნიდა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონალურმა ოფისმა საგამოძიებო ორგანოს მოსთხოვა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დაუყოვნებლივ დანიშვნა, ა.ლ.-ს სხეულზე არსებული დაზიანებების გამოკვლევისა და დაზიანების ხარისხის განსაზღვრის მიზნით,  აგრეთვე – ა.ლ-ს გამოკითხვა განმეორებით. საგამოძიებო ორგანომ ცენტრის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ექსპერტიზის შემდგომ, ა.ლ. დაიკითხა ადამიანის უფლებათა ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონალური ოფისის იურისტის თანდასწრებით, რის შემდეგაც 29 ივნისს იგი ცნობილ იქნა დაზარალებულად ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო მის შვილს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა  შეუფარდა.

მოძალადეს, ასევე, ჩაუტარდა სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა. დასკვნის შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგი მოთავსდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადაც ამ დროისთვის იძულებით მკურნალობას გადის.

ადამიანის უფლებათა ცენტრის პრაქტიკიდან ჩანს, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევებისას მოძალადეებს ზოგჯერ აღენიშნებათ მწვავე ფსიქიკური პრობლემები. მსგავს შემთხვევებზე სახელმწიფოს მხრიდან დროული რეაგირებით და მოძალადეებისთვის იძულებითი მკურნალობის დანიშვნით, შესაძლებელია ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა და ძალადობის პრევენცია.

">