29 აგვისტოს, ამსტერდამის წამყვან კულტურულ ცენტრ De Balie-ში გაიმართა ZEG Storytelling Festival-ის პირველი საერთაშორისო ღონისძიება. ZEG Amsterdam-ზე ჟურნალისტებმა, არტისტებმა, ტექნოლოგებმა, მკვლევარებმა და აქტივისტებმა ერთად იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ ცვლის თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები მსოფლიოში ძალაუფლების თამაშის წესებს და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის – საზოგადოებისთვის.
ღონისძიებაზე ვისაუბრეთ, როგორც თბილისის ქუჩებში მიმდინარე დემონსტრაციებზე, მის გმირებსა თუ წინააღმდეგობის მოძრაობაზე, ასევე განვიხილეთ, თუ როგორ უმკლავდება მსოფლიო ციფრულ ავტორიტარიზმს და იმ ლიდერებს, რომლებიც მოქალაქეებს კამერებითა თუ ალგორითმებით აკონტროლებენ.
ღონისძიების მომხსენებლებს შორის იყვნენ: კრისტოფერ უაილი – სოციალური მკვლევარი და მონაცემთა მეცნიერი; ჯული პოსეტი – ჟურნალისტიკის პროფესორი City, University of London-ში და ICFJ-ის გლობალური კვლევების დირექტორი; ნატალია ანთელავა – Coda Story-ის თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ასევე ZEG Festival-ის თანადამფუძნებელი, მუსიკოსი გიორგი გიგაშვილი და ქტივისტი ლუკა ღვინიაშვილი.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, საუბარი გლობალური ტექნოლოგიური ინოვაციებისა თუ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ქართულ სუფრაზე გაგრძელდა, რომელსაც ცნობილმა ქართველმა შეფმზარეულმა თეკუნა გაჩეჩილაძემ უმასპინძლა.
De Balie, წამყვანი კულტურული ცენტრია ამსტერდამში, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით ცნობილია, როგორც სივრცე, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთად განიხილავენ თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებს და მართავენ დებატებს ხელოვნებისა თუ გლობალური პოლიტიკის შესახებ.
მეტი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ: https://shorturl.at/kAr78
სიახლეებისთვის, გამოიწერე ჩვენი ნიუსლეთერი: https://www.zegfest.com/sign-up
მოგვძებნეთ სოციალურ ქსელებში: Facebook, Instagram, LinkedIn, X, YouTube, TikTok
(R)




