YouTube მომავალი წლიდან სომხეთში მონეტიზაციის პროგრამას დაიწყებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოქალაქეებთან მიმართვისას განაცხადა.
„სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტრო გვპირდება, რომ მონეტიზაციის სისტემა 2024 წელს ამოქმედდება“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
მან ხაზი გაუსვა ამ საკითხის მნიშვნელობას, მათ შორის ქვეყანაში ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობის სტიმულირების კუთხით.
ადრე სომხეთში YouTube-ზე მონეტიზაციის შესაძლებლობა არ არსებობდა. შემქმნელებს, რომლებსაც ვიდეო ბლოგებიდან შემოსავლის მიღება სურდათ, ანგარიში სხვა ქვეყანაში უნდა დაერეგისტრირებინათ.
მონეტიზაცია YouTube-ზე კონტენტის შემქმნელებს საშუალებას აძლევს მიიღონ შემოსავალი, მათ შორის რეკლამის ნახვების საშუალებით.
მონეტიზაციის პროგრამა არ არის ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში. მაგალითად, 2022 წლის 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ YouTube-მა მთლიანად შეაჩერა მონეტიზაცია რუსეთში.
