meydan. tv-ს ცნობით, საზღვარგარეთ მყოფი ბლოგერი ორდუხან თეიმურხანი (ბაბიროვი) აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაიბარეს.
გამოძიების ცნობით, “ბაბიროვმა 2019 წლის 19 აპრილიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, წინასწარ შეთანხმებულად, მათ შორის, იმ პირთა მონაწილეობით, რომლებიც უკვე მსჯავრდებულნი არიან, სოციალურ ქსელებში — „YouTube“-სა და „Facebook“-ზე — განათავსა ვიდეოები, რომლებიც მიზნად ისახავდა ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას და აზერბაიჯანის კონსტიტუციური წყობის ძალადობრივ შეცვლას”.
პროკურატურა ირწმუნება, რომ “ამავე ვიდეოებში იგი ღიად მოუწოდებდა მასობრივი არეულობების მოწყობისკენ, ხელისუფლების წარმომადგენელთა კანონიერ მოთხოვნებზე წინააღმდეგობის გაწევისკენ, რასაც თან ახლდა ძალადობისკენ წახალისებაც”.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ორდუხან თეიმურხანი იძებნება, რადგან ის გამოძიებას გაურბის და იმყოფება აზერბაიჯანის საზღვრებს გარეთ – მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების საფუძველზე 2020 წლის 7 სექტემბერს გამოცხადდა ძებნა და ბაქოს ნასიმის რაიონულმა სასამართლომ მის მიმართ დააკმაყოფილა დაკავების შუამდგომლობა.
გენერალური პროკურატურის ცნობით, მას ასევე გააფრთხილეს, რომ შესაძლოა საქმე წარიმართოს დაუსწრებლად, რაც მოიცავს დაუსწრებელი განაჩენის ან სხვა საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას.
ცნობილია, რომ მანამდე გენერალურმა პროკურატურამ საგამოძიებო უწყებაში დაიბარა საზღვარგარეთ მყოფი სხვა ცნობილი აქტივისტები.
