YouTube-ი ავტორებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი კონტენტის მარკირებას დაავალდებულებს

YouTube-ი მომხმარებლებისგან ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი ვიდეოების მარკირებას მოითხოვს. ინფორმაცია ამის შესახებ ვიდეოჰოსტინგის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ამის გარდა, ასეთ ვიდეორგოლებს წინ გაფრთხილებაც უნდა უძღოდეს. პირველ რიგში ახალი მოთხოვნა შეეხება ვიდეოებს, რომლებიც „რეალისტურად ასახავენ მოვლენებს, რომლებიც არასოდეს მომხდარა“ ან რგოლებს, რომლებზეც ჩანს ხალხი, რომლებიც „ლაპარაკობენ ან აკეთებენ იმას, რაც სინამდვილეში არასოდეს გაუკეთებიათ“.
„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როცა რგოლებში დელიკატური თემებია განხილული – მაგალითად, არჩევნები, კონფლიქტები, ჯანდაცვის სფეროში არსებული კრიზისები“, – აღნიშნავენ Youtube-ში.
ახალი მოთხოვნები ძალაში უახლოესი თვეების განმავლობაში შევა, მას შემდეგ რაც YouTube -ი შესაბამის განახლებებს წარადგენს. წესების დარღვევის შემთხვევაში, ვიდეოჰოსტინგი ვიდეოს წაშლას და მისი ავტორის საპარტნიორო პროგრამაში მონაწილეობის შეჩერებას შეძლებს.