Yandex GO-ს მფლობელი კომპანია რუსეთისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემის გამო დააჯარიმეს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში შეისწავლა შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ მიერ პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოში შესაძლო კანონდარღვევით გადაცემის ფაქტი. კომპანია საქართველოში მომხმარებლებს სთავაზობს ტაქსის სერვისით მომსახურებას Yandex GO-სა (მგზავრებისთვის) და Yandex Pro-ს (მძღოლებისთვის) აპლიკაციების მეშვეობით.
როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აღნიშნავს, შემოწმებისას დადგინდა, რომ ინტერნეტკავშირის მონიტორინგის პროცესში აპლიკაცია დაუკავშირდა ს ფედერაციაში მდებარე სერვერებს. შესაბამისად, გამოვლინდა IP Address-ის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის ფაქტი.
„შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ იმგვარად აქვს ორგანიზებული აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების დამუშავების ტექნიკური პროცესი, რომ მისი გამართულად ფუნქციონირებისას რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებთან ქსელური კავშირის დამყარების დროს სერვერებისათვის ცნობილი ხდება აპლიკაციის მოწყობილობის გლობალური ქსელური მისამართი/IP Address-ი, შესაბამისად, სახეზეა ქსელური მისამართის/IP Address-ის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის (ხელმისაწვდომობის) ფაქტი“, – წერია განცხადებაში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, ასევე, აღნიშნავს, რომ შემოწმების დაწყებამდე შპს „რაიდტექ ჯორჯიამ“ განცხადებით მიმართა სამსახურს და მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე დამუშავებული პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემა. სამსახურმა კი კომპანიის მიმართვა არ დააკმაყოფილა.
„სამსახურმა მითითებული წარმოების ფარგლებში შეისწავლა აღნიშნული კომპანიის მიერ სხვა სახელმწიფოსთვის (რუსეთის ფედერაციისათვის) პერსონალურ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის მთავარ პირობად განსაზღვრული – მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების უზრუნველყოფის შესაძლებლობა და მიიჩნია, რომ რუსეთის ფედერაციაში არ არსებობდა მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების, მათ შორის, მონაცემთა უსაფრთხოების პრინციპის დაცვის რეალური მოლოდინი.
ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის ბრძანებით უარი ეთქვა შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ (Yandex Go და Yandex Pro) სხვა სახელმწიფოსთვის (რუსეთის ფედერაციაში) პერსონალურ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებით ნებართვის გაცემაზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ცნობით, მან დაადგინა, რომ შპს „რაიდტექ ჯორჯიამ“ აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების – მგზავრების და მძღოლების პერსონალური მონაცემების რუსეთისთვის გადაცემით, დაირღვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
კანონდარღვევის გამოვლენის შემდეგ კი „რაიდტექ ჯორჯია“ დააჯარიმეს და დაავალეს რუსეთისთვის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების გადაცემის შეწყვეტა.
„კომპანია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით.
ამასთან, შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ დაევალა უზრუნველყოს აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების (გლობალური ქსელური მისამართის/„IP Address“) რუსეთის ფედერაციაში გადაცემის შეწყვეტა“, – აცხადებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 9 აგვისტოს განაცხადა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია Yandex.Go-ის მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო.
რუსულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის „ეფესბეს” ჰქონდა წვდომა იმ მომხმარებლების მონაცემებზე, რომლებიც საზღვარგარეთ სარგებლობენ რუსული კომპანიის, Yandex Taxi-ის, სერვისით. თავად Yandex-მა ეს ინფორმაცია უარყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი: მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა – არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

პრემიერი “მომავლის სამიტზე” – ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია – საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად