გუშინ თბილისსა და ბათუმში დაწყებული სუპერლიგის მე-9 ტური დღეს ზესტაფონსა და გურჯაანში გამართული მატჩებით დასრულდა. ტურის საწყის სამ მატჩში ლიდერებმა – თსუ-მ, ქუთაისმა და ვსა-მ წააგეს, დღეს კი ძირითადად ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფი გუნდები თამაშობდნენ, თუმცა გამართული 2 მატჩიდან ერთიც არ გამოდგა დაძაბული.
იმერულ დერბიში ზესტაფონის მარგვეთმა ტყიბულის ორბი მიიღო და პირველსავე ნახევარში მოუთავა ხელი. საწყისი პერიოდი მასპინძლებმა 26:15 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდეს. ეს სხვაობა ზოგადად დიდი არ გახლავთ, მაგრამ პირველ ნახევარში ორბის კალათბურთელებმა ვერაფერი გამოაჩინეს ისეთი, რის ხარჯზეც თამაშს მოიგებდნენ.
მთავარ კითხვაზე პასუხი მე-3 პერიოდს უნდა გაეცა. ტყიბულელებს თუკი რამის ამბიცია ჰქონდათ, აღნიშნული მეოთხედი უნდა მოეგოთ, მაგრამ პირიქით მოხდა: მარგვეთმა ამჯერადაც იძალა, ბოლო პერიოდს 20-ქულიანი ლიდერობით შეხვდა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. სუპერშედეგიანი სტატისტიკა ჰქონდა გამარჯვებულთა ამერიკელ ლეგიონერს, ჯეილენ ჰილს, რომელმაც 13 ორქულიანიდან 12 ჩააგდო, მთლიანობაში კი 34 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 4 დაფარება მიითვალა. ჰილი აუცილებლად გახდება ტურის საუკეთესო მოთამაშე, რადგან სარგებლიანობის ინდექსით (44) მე-8 ტურში მასთან ახლოს ვერავინ მივა.
ორბის დამარცხების მთავარი მიზეზი ახალწვეული ლეგიონერის, ლარი ოსტინის არყოფნა გახლდათ, რომელმაც წინა ტურში თითქმის პირადად მოუგო ვსა-ს. შედეგიანი იყო თომას მური, მაგრამ მისმა 37-მა ქულამ ტყიბულელებს ვერაფერი უშველა. 22 ქულა ჰქონდა ორბის ცენტრს, ილია ლონდარიძეს. საბოლოოდ მარგვეთმა 100:87 იმარჯვა და ცხრილის ზედ ნახევარში გამაგრდა.
გურჯაანში გამართულ ტურის ბოლო შეხვედრაში დელტამ გორის ივერიონს უმასპინძლა. კახურმა გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და პირველი პერიოდი მოიგო კიდეც, თუმცა მეორეში კატასტროფა განიცადა. გორელებმა აღნიშნული ათწუთეული 32:14 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 16-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მატჩის ბედი მესამე ათწუთეულში გადაწყდა, რომელიც სტუმრებმა 10 ქულით მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 74:48 დაწინაურდნენ.
აქ უკვე მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. გურჯაანის გუნდმა საბოლოოდ 66:89 წააგო და მდგომარეობა უფრო დაიმძიმა. დელტა 9-დან ყველა წაგებით ბოლო ადგილზე იმყოფება რაშთან ერთად, რომელსაც 8-დან 8 მარცხი აქვს. გორელებს რაც შეეხებათ, ისევე როგორც კიდევ 4 გუნდს – ვსა-ს, მარგვეთს, ბათუმს და კსუ-კავკასიას, მათაც 5 მოგება და 3 მარცხი აქვთ.
სუპერლიგის მე-10 ტურის მატჩები 20 და 21 დეკემბერს თბილისში, გორში, რუსთავსა და ქუთაისში გაიმართება.
GBF
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
“ა” ლიგის საკვალიფიკაციოში ნახევარფინალისტები ბოლო ტურში დაწყვილდებიან
სუპერლიგის მე-7 ტური “ბათუმმა” “რუსთავის” ძლევით დახურა




