The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ჰამასის წარმომადგენლებმა უარი თქვეს ისრაელის მიერ შეთავაზებულ ერთკვირიან ზავზე. ისრაელის შეთავაზება მოიცავდა ერთი კვირის მანძილზე ცეცხლის შეწყვეტას და ამ დროში ტყვეების გაცვლას. ისრაელი ერთკვირიანი ზავის მანძილზე 40 მძევლის, დარჩენილი ქალების, ბავშვების და ხანდაზმულების გათავისუფლებას ითხოვდა. აღნიშნული მოლაპარაკებების შესახებ ისრაელის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და ტყვეების გაცვლის შესახებ ეგვიპტე მედიატორობდა. ეგვიპტის მაღალი თანამდებობის პირების ცნობით, ჰამასის წარმომადგენლები ტყვეების გაცვლაზე მოლაპარაკებების დაწყებას არ აპირებენ მანამ, სანამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ ამოქმედდება. ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე 20 დეკემბერს კაიროში იმყოფებოდა, სადაც ეგვიპტის წარმომადგენლებს უთხრა, რომ იქ მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღებად იყო ჩასული.
სავარაუდოდ, მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში ასევე ჩაერთვებიან ტერორისტული ორგანიზაცია პალესტინის ისლამური ჯიჰადის წარმომადგენლებიც. პალესტინის ისლამური ჯიჰადი ღაზის სექტორში მოქმედი მეორე ყველაზე ძლიერი ტერორისტული ორგანიზაციაა. როგორც ცნობილია, ჰამასის ტერორისტებმა ოქტომბერს გატაცებული ისრაელელი ტყვეების ნაწილი პალესტინის ისლამურ ჯიჰადს გადასცეს. ღაზის სექტორში კიდევ 108 ისრაელელი ტყვე იმყოფება.