Wall Street Journal-ის აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ჯო ბაიდენის რეიტინგმა მნიშვნელოვნად დაიწია და ტრამპის რეიტინგს ჩამოუვარდება.
მხოლოდ ორ კანდიდატს, ტრამპსა და ბაიდენს შორის გამოკითხვის მონაწილეების 47% – ტრამპს, 43% კი ბაიდენს ანიჭებს უპირატესობას. როდესაც არჩევანი ფართოვდება და შეკითხვას ხუთი დამოუკიდებელი კანდიდატი ემატება, ტრამპს 37%, ბაიდენს კი 31% უჭერს მხარს.
WSJ-ის თქმით, გამოკითხვის შედეგად ბაიდენის პრეზიდენტობით უკმაყოფილება გამოიკვეთა. ბაიდენის პრეზიდენტობით კმაყოფილია გამოკითხულთა 37%, 61% კი მის იმიჯს უარყოფითად აღიქვამს.
გამოკითხულთა მხოლოდ 23%-მა თქვა, რომ ბაიდენის პოლიტიკამ პირადი სარგებელი მოუტანა, 53%-ის თქმით კი, პირიქით, მან ისინი პირადად დააზარალა. საპირისპიროდ, ტრამპის პრეზიდენტობის დროს გატარებული პოლიტიკით გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა ისარგებლა პირადად, 37% კი დაზარალდა.
WSJ-ის გამოკითხვის შედეგებში ჩანს, რომ ამერიკის მოსახლეობაში არსებულ მდგომარეობაზე პესიმისტური განწყობა ჭარბობს. ბაიდენის ეკონომიკურ პოლიტიკას დადებითად ქვეყნის 30%-ზე ნაკლები აღიქვამს.
როგორც გამოცემა წერს, ბაიდენის მხარდაჭერა საზოგადოების იმ ნაწილებში მოიკოჭლებს, რომლებიც ტრადიციულად დემოკრატებს აძლევენ ხმას. პრეზიდენტი ახალგაზრდებში, შავკანიანებსა და ლათინო-ამერიკელებში ნაკლებად პოპულარულია, რაც, WSJ-ის თქმით, ეკონომიკური პრობლემებით არის განპირობებული.
იმ ამომრჩევლებს შორის, რომლებმაც ბაიდენს წინა არჩევნებზე ხმა მისცეს, 87% კვლავ ბაიდენს უჭერს მხარს. საპირისპიოდ, მათ შორის, ვინც 2020 წელს ტრამპს უჭერდა მხარს, 94%-ის პოზიცია უცვლელია.