ინფორმირებული პირები Wall Street Journal-ს უყვებიან, რომ ირანის წარმომადგენლებმა ტრამპის ადმინისტრაციას აცნობეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში ხელახლა შესასვლელად მათ “ძალიან მაღალი” მოთხოვნები აქვთ.
წყაროების თქმით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ირანის დასუსტებულ რეჟიმში ძალაუფლება განიმტკიცა და აშშ-სთან ისეთ მოთხოვნებს აყენებს, როგორიცაა სპარსეთის ყურეში ყველა ამერიკული ბაზის დახურვა და ირანზე განხორციელებული თავდასხმებისთვის კომპენსაციის გადახდა.
WSJ-თან საუბარში აშშ-ს ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ამ მოთხოვნებს აბსურდული და არარეალისტური უწოდა. არაბი და ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ირანის მიერ ასეთი მოთხოვნები თეირანთან შეთანხმების მიღწევას უფრო გაართულებს, ვიდრე ეს აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმამდე იყო შესაძლებელი. მათ ასევე აღნიშნეს, რომ აშშ-მ ირანთან მიმდინარე ახალ მოლაპარაკებებში პირველი შეტყობინებები გასული კვირის ბოლოს ახლო აღმოსავლეთში არსებული შუამავლებისგან მიიღო, ხოლო აშშ და ირანი ერთმანეთთან პირდაპირ კონტაქტში არ არიან.
WSJ მიხედვით, ირანის მოთხოვნები ასევე მოიცავს:
ჰორმუზის სრუტეზე ახალი წესრიგის დაწესებას, რაც ირანს მისცემს შესაძლებლობას ჰორმუზის სრუტის გზით გამავალ გემებს გადასახადი დააკისროს, როგორც ამას ახლა ეგვიპტე სუეცის არხზე აკეთებს;
გარანტიებს, რომ ომი აღარ განახლდება და შეწყდება ისრაელის დარტყმები ირანის მოკავშირე ლიბანურ დაჯგუფება ჰეზბოლაზე;
ირანისთვის დაწესებული ყველა სანქციის მოხსნას;ირანისთვის სარაკეტო პროგრამის შენარჩუნების ნებართვას ყოველგვარი შემზღუდავი მოლაპარაკებების გარეშე.