უკრაინის მთავრობამ თეთრ სახლს შეატყობინა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური შტაბის სარდლის, ვალერი ზალუჟნის გადაყენება გადაწყვიტა. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Washington Post დისკუსიების შესახებ ინფორმაციის მქონე ორ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანონიმური წყაროს ცნობით, თეთრი სახლის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილების მხარდაჭერისა ან შეწინააღმდეგებისგან თავი შეიკავეს და ეს ნაბიჯი ზელენსკის სუვერენულ გადაწყვეტილებად მიიღეს.
უკრაინის პრეზიდენტს ზალუჟნის გათავისუფლების ოფიციალური განკარგულება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვაშინგტონისთვის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის წინასწარ მიწოდება ხაზს უსვამს თეთრი სახლის, როგორც უკრაინის ყველაზე ძლიერი სამხედრო და პოლიტიკური მხარდამჭერის, როლსა და გავლენას.
29 იანვარს უკრაინულ მედიაში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სარდლის ვალერი ზალუჟნის გადაყენების შესახებ ცნობები გავრცელდა.
გამოცემა Unian ყოფილ დეპუტატ ბორისლავ ბერიოზაზე (პარტია ბერიოზას ეკოპარტია) და რადას ორი წევრის, არტიომ დმიტრუკისა და ოლექსი გონჩარენკოს ნათქვამზე დაყრდნობით წერდა, რომ ზალუჟნი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გონჩარენკომ კი განაცხადა, რომ ზალუჟნის ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის თანამდებობა შესთავაზეს, რაზეც სამხედრომ უარი თქვა.
თუმცა, მოგვიანებით უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა.
“ძვირფასო ჟურნალისტებო, გპასუხობთ ყველას ერთად. არა, ეს სიმართლე არ არის”. – დაწერა სამინისტროს ოფიციალურმა Telegram არხმა.